საბერძნეთი ახალი ამბების გარეშე დარჩება
ბერძენმა ჟურნალისტებმა, პროფკავშირების გადაწყვეტილებით, 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, ისინი ქვეყანაში ჩასატარებელ საპენსიო რეფორმებს აპროტესტებენ.
საინფორმაციო გამოშვებები ERT-ის სახელმწიფო რადიოთი და ტელევიზიით აღარ გადაიცემა. აქციას ათენის მაკედონიის ახალი ამბების სააგენტო, საპარლამენტო ტელეარხები და პროფკავშირების საიტებიც შეუერთდნენ. ასევე, არ იმუშავებენ ბეჭდვის გენერალური სამდივნო და სახელმწიფო უწყებათა პრესსამსახურები.
ჟურნალისტები მთავრობის გეგმებს აპროტესტებენ, რომლის თამახმად, სოციალური დაზღვევის სისტემა და სადაზღვევო საპენსიო ფონდები უნდა გაერთიანდნენ. მასმედიის მუშაკები პროფესიონალური სადაზღვევო ფონდის შენარჩუნებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მეზღვაურთა გაფიცვაც გრძელდება.
უკვე კვირაზე მეტია, რაც ბერძენი მიწათმოქმედები საპროტესტო აქციებს ატარებენ. ისინი ტრაქტორებით, ყოველდღიურად, რამდენიმე საათით, ცენტრალურ გზებსა და ავტომაგისტრალებს კეტავენ.
საბერძნეთში 4 თებერვალს საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული, რომელსაც ტაქსის მძღოლებიც შეუერთდებიან.