მნიშვნელოვანირეგიონი

საბერძნეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებულიდან ერთერთი გურჯაანის მკვიდრია

საბერძნეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან ერთი , გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
30 წლის მიხეილ შანყულაშვილი, ათენის პოლიციამ, იმ 12 ქართველთან ერთად დააკავა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ძარცვავდნენ მოქალაქეებს.

შანყულაშვილის მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, საქართველოში კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეული არ ყოფილა.

” ძალიან კარგი ოჯახია, წესიერი. თვითონაც კარგი, ზრდილობიანი ბიჭი იყო. ხშირად მეკითხებიდა- ხოლმე, რამე დახმარება ხომ არ გინდაო, პატარა მაღაზია მქონდა და დისტრიბუტორები რომ მოდიოდნენ, ტვირთის ჩამოღება გვიწევდა. წლებია, წასულია, მამა გარდაეცვალა, დედა და ძმა ჰყავს, მხოლოდ. აქ მაგისი ცუდი საქმე , არ გამიგია “- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 13-კაციან დაჯგუფებას კანონიერი ქურდი, ავთანდილ ბილანიშვილი ხელმძღვანელობდა.
დაჯგუფების წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს.

ასევე, ამოღებულია “კანონიერი ქურდის” კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომელიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს.

ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა ათენში მომუშავე პოლიცილების სახელზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიც, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვა.
ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია კი, ძირითადად, ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია.

საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს.
პოლიციამ მთლიანობაში, ძარცვის 47-მდე შემთხვევა დაადგინა.
ქართული დაჯგუფების წევრების ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარებით მათ უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button