მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია-გასული დღე-ღამის განმავლობაში 33 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია, ღამით ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ 8 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 3 სასაზღვრო დასახლება 5-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 34 აფეთქება. ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად 65 წლის ქალი დაიღუპა. დაბომბვა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, შედეგად დაიღუპა 1 მამაკაცი, მანამდე კი ოლქში დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულ ძალებსა და რუს ჯარისკაცებს შორის ფრონტზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 33 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების იერიშები ბახმუტის, კუპიანსკის, ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით მოიგერიეს.

უკრაინული მხარის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, 8 ოქტომბერს, რუსული არმიის სამხედრო მოქმედებების შედეგად სულ მცირე ორი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 ადამიანი დაშავდა.

ხერსონის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. უკრაინის ცნობით, რუსეთმა რეგიონს არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით 53-ჯერ ესროლა.

დონეცკის ოლქში 8 ოქტომბერს კონსტანტინოვკას 4 მცხოვრები დაიჭრა. ხარკოვის ოლქის ვოლჩანსკში კი ქალი გარდაიცვალა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ფორბსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპისთვის ეს ეგზისტენციალური ომია. ევროპელები ხვდებიან, რომ ეს მათაც ეხება. მათ არ შუძლიათ, საკუთარ თავს მისცენ უფლება, არ გაიმარჯვონ ამ ომში უკრაინასთან ერთად. თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ ასევე ისაუბრა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტზე, სადაც უკრაინის დაფინანსება არ მოხვდა.

როგორც კულება ამბობს, რაც უფრო მეტად მოახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, უკრაინას მით მეტი სირთულე ელოდება.

„არჩევნებს საკუთარი ლოგიკა აქვს, პოლიტიკური ბრძოლა ინტენსიური გახდება, ხოლო აშშ-ში არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ უკრაინის საკითხი იყოს ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ზელენსკიმ მცირე კომენტარი ისრაელის შესახებაც გაააკეთა და აღნიშნა რომ ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში.

„ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ირანს კავშირი აქვს როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან.

„ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, როცა ის ყიდის Shahed-ებს რუსებზე. ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აუცილებელია ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეალური გლობალური სანქციების დაწესება.

„თუ იარსებობებს რეალური გლობალური სანქციები ტერორის ნებისმიერი სპონსორობისთვის, ტერორი წააგებს. თუ მსოფლიო გაერთიანდება, როცა ვინმე სხვა ქვეყნის ქალებს მძევლად აიყვანს და სხვა ერის შვილებს იტაცებს, ტერორს მოკავშირეები არ ეყოლება. თუკი ის, ვისაც ტერორისტები ესხმიან თავს, მიიღებს ყველა იმ იარაღს, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად, საერთაშორისო სამართალი იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს მსოფლიო და მსოფლიო მშვიდობიანად იცხოვრებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button