,,სად ფეხბურთელები და სად ორდენები რეპუტაცია ორდენებით არ იზომება,,-ოპოზიცია
რატომ არ აჯილდოებს ამ დრომდე საფეხბურთო ნაკრებს სალომე ზურაბიშვილი - როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პრეზიდენტი “რადიკალური ოპოზიციის ლიდერია“

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოებულიყვნენ. მიმართვიდან 70 დღე გავიდა, თუმცა ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს პრეზიდენტის ჯილდო ამ დრომდე არ მიუღიათ. ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის მნიშვნელობა, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დედაქალაქის მერმა შეახსენა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ორბელიანების სასახლეში რამდენიმე თვის წინ გაგზავნილ წერილს, ზურაბიშვილის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ბრალდებისთვის პასუხის გასაცემად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას თითქმის მთელი დღე დასჭირდა. დღის მეორე ნახევარში გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ღირსების ორდენისა და მედლების გადაცემის შესახებ განკარგულებები პრეზიდენტმა 23 მაისს გამოსცა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი ვებგვერდზე ატვირთული ამ დრომდე არ არის. საიტზე გამოქვეყნებული ბოლო განკარგულება 18 მაისით თარიღდება.
ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადება არადამაჯერებელია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ დოკუმენტი, რომელიც წესით აქამდეც უნდა გასაჯაროებულიყო, რეალურად არ არსებობს.
განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციაში, სადაც ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ფეხბურთელების რეპუტაცია ორდენებით არ იზომება. დანარჩენები კი განმარტებებს თავად ზურაბიშვილისგან ელოდებიან და ამბობენ, რომ პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდის თავდასხმის ობიექტი, განსხვავებული პოზიციების გამო გახდა.
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ოფიციალური წარდგინება პრეზიდენტის მისამართზე, ჯერ კიდევ 4 აპრილს გაიგზავნა. ღირსების ორდენზე, სულ ისტორიული გამარჯვების 53 მონაწილე წარადგინეს, მათ შორის 26 ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები. პარლამენტის სპიკერი, რომელიც წარდგინების ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ ზურაბიშვილი ისევ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
წერილობით მიმართვას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება. ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის ინიციატივა, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი სცენიდან, ისტორიული გამარჯვების დღეს გაახმოვანა.
ევროპის საგზურის მოპოვების შემდეგ, ეროვნული ნაკრები მორიგი რაუნდისთვის ემზადება. ხვალ ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება, ქართველი ფეხბურთელები კი მეტოქეებს 18, 22 და 26 ივნისს დაუპირისპირდებიან.
რატომ არ აჯილდოებს ამ დრომდე საფეხბურთო ნაკრებს სალომე ზურაბიშვილი – ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ თავად პრეზიდენტმა უნდა ახსნას ამის მიზეზი.
მაგალითად, თეონა აქუბარდია საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ ფეხბურთელების გამოყენება პოლიტიკური მიზნით ხდება:
“მე არ ვიცი რაში მდგომარეობს ღირსების ორდენის საკითხის პრობლემა, ამაზე პრეზიდენტმა თავად უნდა ისაუბროს, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური მიზნით ხდება მათ შორის ფეხბურთელების გამოყენება და ამ საკითხში კახა კალაძე ჩემპიონია, ეს სამწუხარო ფაქტია,“- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი თეონა აქუბარდია.
“გირჩში“ კი ამბობენ, რომ ფეხბურთელების რეპუტაციას და მათ წარმატებას, ღირსების ორდენები არ განსაზღვრავს:
“ეს ორდენები არაფერ შუაშია რეალურად ხალხის დაფასებასთან, დარწმუნებული ვარ ჩვენი ფეხბურთელები ბევრად მეტად აფასებენ ხალხის სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს და კიდევ უფრო მეტად მოგვანიჭებენ შემდეგ კვირებში, ვიდრე რაღაც ორდენებს. სად ფეხბურთელები და სად ორდენები, საბოლოო ჯამში, არამარტო ფეხბურთელების, ზოგადად ადამიანების რეპუტაცია ორდენებით არ იზომება,“- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
სამწუხაროა, რომ ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, როდესაც ამის დრო მოვა, ფეხბურთელები ღირსების ორდენს აუცილებლად მიიღებენ.
„სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ თამაშის შემდეგ გაკეთდა განცხადება. აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად მიმართეს პრეზიდენტს. ჩვენი ბიჭები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს, როცა ამის დრო მოვა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რატომ არ აჯილდოებს ამ დრომდე საფეხბურთო ნაკრებს სალომე ზურაბიშვილი – როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პრეზიდენტი “რადიკალური ოპოზიციის ლიდერია“ და მათივე თქმით, მისი გადაწყვეტილებებიც სწორედ ამას მოწმობს:
“საზოგადოება თვალს ადევნებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს ადებს და ხელს არ აწერს ქვეყნისთვის საჭირო კანონებს, არ ნიშნავს ელჩს, არ აჯილდოებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო და თავის თავს რადიკალური ოპოზიციური ფრონტის ხელმძღვანელად აცხადებს.
ჩვენმა მოქალაქეებმა სალომე ზურაბიშვილი იმისთვის აირჩიეს, რომ ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და საქართველოს ინტერესების წარმდგენი, საბოლოო ჯამში არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილებებიც ამ განზომილებაში უნდა განვიხილოთ,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
მმართველი გუნდის ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის ქალაქ ფელბერტში ემზადება, სადაც ჩვენმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა.
საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა. ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.