რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე დაბალია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაბალი უწოდა რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს. მაგრამ მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალზე სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს.
„რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის, მაგრამ შედეგები უზარმაზარი იქნება, ამიტომ ჩვენ ამას ძალზე სერიოზულად ვეკიდებით,“ თქვა სტოლტენბერგმა თურქეთის ტელეარხ NTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სტოლტენბერგმა რუსეთის მოქმედებებს უპასუხისმგებლო და უგუნური უწოდა. „ბირთვული იარაღი კონფლიქტის ბუნებას შეცვლის,“ თქვა მან.
პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინის მიმართ ნატოს მხრიდან მხარდაჭერა და დიდი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, მიაჩნია ალიანსის გენერალურ მდივანს. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარების გაგრძელება. „თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის კატასტროფა. თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და არა პუტინმა,“ თქვა სტოლტენბერგმა.