მნიშვნელოვანირეგიონი

სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმა ევროპას” -კახეთის ყველა საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილობას ითხოვს

სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა ევროპას” საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრები თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონულ სასამართლოებში შეიტანა.

კოალიციის წარმომადგენლებმა სასამართლოს სულ 8 საჩივრით მიმართეს. დამკვირვებლები კახეთის ყველა საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილობას ითხოვენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს იურისტის, გვანცა დანელიას განმარტებით, საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევები სისტემური ხასიათისაა, რის საფუძველზეც სასამართლომ ყველა შედეგი უნდა გააუქმოს.

” პირველ რიგში დარღვეული იყო ფუნდამენტური ფარულობის პრინციპი, ადგილი ჰქონდა ორ- ორი ბიულეტენის გაცემას, ერთი და იგივე ადამიანების მიერ ხმის მიცემას უბნებზე, დამკვირვებლებზე და მედიაზე ზეწოლას.”- განაცხადა დანელიამ.

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა ევროპას” დამკვირვებლები 26 ოქტომბერს, მთელ საქართველოში 1131 საარჩევნო უბანს მუდმივად, ხოლო ასობით უბანს მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდნენ

მისიის ინფორმაციით, გამოვლენილია დამკვირვებელისათვის ხელი შეშლის ფაქტი- 160 საარჩევნო უბანზე;

მარკირება არ მოწმდებოდა – 191 საარჩევნო უბანზე;

მარკირება არ კეთდებოდა – 153 საარჩევნო უბანზე;

ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა – 365 უბანზე;

ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა დაფიქსირდა – 85 უბანზე;

არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ – 259 საარჩევნო უბანზე.

ამასთანავე, მისიის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემური ხასიათი.

ამასთან, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მრავალ პრობლემატურ უბანზე დამკვირვებლებმა ვერ შეძლეს მთელი დღის განმავლობაში დაკვირვება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია და უბანზე მობილიზებული არაუფლებამოსილი პირები მათ ძალის გამოყენებით, უკანონოდ აძევებდნენ.

სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა ევროპას“ 29 საარჩევნო ოლქში, 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, არჩევნების შემდგომ დღეებში, საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button