მნიშვნელოვანისიახლეები

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. სადამკვირვებლო მისიამ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305. საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა ოლქების ჩამონათავლი, სადაც „ჩემი ხმა“ არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს:

1. ბათუმში – 33 უბანი; 2. მარნეული – 32 უბანი; 3. გარდაბანი – 27 უბანი; 4. ქუთაისი – 17 უბანი; 5. გორი – 15 უბანი; 6. თელავი – 15 უბანი; 7. ბოლნისი – 11 უბანი; 8. ქობულეთი – 8 უბანი; 9. ლაგოდეხი – 8 უბანი; 10. გურჯაანი – 8 უბანი; 11. კასპი – 8 უბანი; 12. ახალციხე – 7 უბანი; 13. დედოფლისწყარო – 6 უბანი; 14. მცხეთა – 7 უბანი; 15. ქარელი – 7 უბანი; 16. საგარეჯო – 6 უბანი. 17. სიღნაღი – 5 უბანი; 18. ზუგდიდი – 4 უბანი; 19. ხაშური – 4 უბანი; 20. სენაკი – 3 უბანი; 21. ხობი – 1 უბანი; 22. ყვარელი – 2 უბანი; 23. ახმეტა – 2 უბანი; 24. ბორჯომი – 2 უბანი; 25. წალკა – 2 უბანი; 26. ადიგენი – 2 უბანი; 27. დუშეთი – 2 უბანი; 28. ახალქალაქი – 1 უბანი; 29. დმანისი – 1 უბანი;

„როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი. სადამკვირვებლო კოალიციის, „ჩემი ხმის“ დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

საია-ს მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.

საია-ში აცხადებენ, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

ორგანიზაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ „ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება. ეს გარანტია, მათ შორის, იცავს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიც არის უფლების განხორციელების ინსტრუმენტული საშუალებები: ბიულეტენი და საარჩევნო ყუთი. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში.

ფარულობის პრინციპის დარღვევა არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ეს მუხლი კონვენციისა და დამატებითი ოქმების სხვა ფუნდამენტური უფლებებისგან განსხვავდება იმით, რომ აწესრიგებს მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის ვალდებულებას, ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას.

მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საია-მ არჩევნებამდე ცესკო-ს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკო-ს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საია-ს ეცნობა, რომ ცესკო-ს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა ეს პირობა ვერ შესრულდა.

ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბების და სისტემურობის გათვალისწინებით, საია-მ ასევე მიმართა პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

საია-ს სადამკვირვებლო მისიას ჯამში წარდგენილი აქვს – 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე; კენჭისყრის დღეს საია-ს დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა; შემაჯამებელი ოქმების ბათილობა, გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია ერთ ტრადიციულ უბანზე; 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა; 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება“, – განაცხადეს საია-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button