სადაზღვევო კომპანიებს კახეთში ზარალის ანაზრაურებას სთხოვენ

პარტია “ქართული არჩევანი”, სადაზღვევო კომპანიებს, კახეთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
პარტიის ლიდერმა, ბეჟან გუნავამ, სხვა რამდენიმე წევრთან და დაზარალებულ გლეხებთან ერთად, დღეს თელავში, აქცია გამართა.
გუნავას თქმით, დაზარალებულები, რომლებსაც მოსავალი დაზღვეული აქვთ, შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ.
“სადაზღვევო კომპანიები, ” ალფა” და “ალდაგი” არ უნაზღაურებენ ზიანს მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელშეკრულებით აკისრიათ ეს ვალდებულებები. ჩვენ ყველა დონეზე ვიბრძოლებთ, მათ შორის, სასამრთლოშიც, იმისათვის, რომ მოსახლეობის კანონიერი უფლებები აღდგეს. ხალხს საბანკო კრედიტები აქვს, ვერ იხდიან და უკვე რამის გაყიდონ საკუთარი ნაკვეთებუ, ვინაიდან ვალებში იხრჩობიან საბანკო კრედიტებში”- განაცხადა გუნავამ.
აქციაში მონაწილე გლეხი, ლერი შიუკაშვილი ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
“სოფელ ბუშეტში ვცხოვრობ, მოვიდნენ და მთლად განადგურებულ ვენახზე ნაწილობრივი ზარალი დამიწერეს, ატმის ბაღზე კი, ნული. თუ არ ამინაზღაურებენ, შემდგომში აღარ დავაზღვევ” -განაცხადა შიუკაშვილმა.
სადაზღვევო კომპანიებიდან აქციის მონაწილეებს ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. რადიო ჰერეთი მოგვიანებით შემოგთავაზებთ მათ პოზიციას, ამ თემაზე განცხადების გაკეთების შემთხვევაში.
სტიქია კახეთში 16 ივლისს მოვიდა. ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა, ვენახები, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურები მთლიანად დააზიანა.სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, განსაკუთრებით კი სოფელი კონდოლი დააზარალა. მაშინ ძლიერმა ქარმა 300-მდე სახლს სახურავი სრულად ან ნაწილობრივ დაუზიანა. ვენახები კი თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა. ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სახლების ხელახლა გადახურვისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარიც გამოიყო.