სადგურის მოედნის ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციები აიღეს
დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ტერიტორია თბილსერვის ჯგუფმა დაასუფთავა.
როგორც დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.
თბილისის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გარევაჭრობის საკითხის მოწესრიგება მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში გარევაჭრობის პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოწესრიგდება.
მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.