სპორტი

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და სანქციები… ქართული „კლასიკო“ გიორგი ნემსაძის გარეშე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომისიაში სხდომა შედგა. განხილულთა შორის მთავარი, ამირან როხვაძის და გიორგი ნემსაძის საკითხი იყო.

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მარტვილის „მერანთან“ შეხვედრის დროს, მერანის ნახევარმცველი ამირან როხვაძე ჯერ 64-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 95-ე წუთზე მოედნიდან წითელი ბარათის საშუალებით გააძევეს.

როხვაძე, რომელიც ახლა უკვე ქობულეთის „შუქურას“ მოთამაშეა, დღეს, საკუთარ კლუბს ბათუმის „დინამოსთან“ გასამართ შეხევდრაში ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება გიორგი ნემსაძეს, მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მიზეზი კი წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრა გახდა. თამაშის არბიტრმა ბაკურ ნინუამ, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი 84-ე წუთზე გააფრთხილა, 87-ე წუთზე კი წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

შედეგად, გიორგი ნემსაძე, თავის შეგირდებს, ქუთაისის „ტორპედოსთან“ შეხვედრაში, ე.წ. „ქართულ კლასიკოში“ ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ „დინამო“ და „ტორპედო“ ერთმანეთს 77-ჯერ შეხვდნენ. აქედან, 39-ჯერ თბილისელებმა იმარჯვეს; 21-ჯერ დაზავდნენ და მხოლოდ 17-ჯერ მოიგეს ქუთაისელებმა.

ბურთების შეფარდებაც დინამოელთა სასარგებლოდაა: 125:70

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გუნდები ერთმანეთს უკვე 78-ედ შეხვდებიან.

ეროვნული ლიგის მეორე ტურში დღეს 3 მატჩი ჩატარდება, ხვალ, 6 მარტს კი დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button