მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საძოვრების მიტაცება და საქონლის ქურდობა ახალციხეში

ახალციხეში 13 სოფლის მოსახლეობა უკვე 20 დღეა საძოვრების პრობლემაზე ჩივის. ადგილობრივები მთიდან, სადაც სათიბები და საძოვრები აქვთ, მომთაბარე მწყემსების გაყვანას ითხოვენ, რომლებიც იქ ერთი თვის წინ გამოჩნდნენ. მოქალაქეები თავდაპირველად, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

„12 000 ცხვარია ჩვენს მთებში, განადგურებულია საძოვრები და სათიბები. აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა, ვიღაცის იმედი აქვთ ალბათ, ისე ამდენს ვერ ჩამოიყვანდნენ. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ამის გაგება გვინდა. თვეზე მეტია ვითხოვთ, რომ წაიყვანონ, თუ არა ჩვენ ავალთ მთაზე ოჯახებით, ცოლ–შვილით და გავყრით. 30 სული საქონელი მყავს. სად უნდა მოვთიბო, რომ ზამთარში ვაჭამო საქონელს? უკვე მეორედ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გვეუბნებიან, დღეს–ხვალ, მაგრამ შედეგი არ არის, როგორ შეიძლება ასე? არ ჰყავს პატრონი.” – ამბობს ჭაჭარაქში მცხოვრები მინას სარქისიანი.

მსგავსი აქცია ადგილობრივებმა 24 ივნისსაც გამართეს. მაშინ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა.

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, მომთაბარე მწყემსების ჩამოყვანა უკანონოდ მოხდა და შესაძლებელია, თაღლითობის ფაქტიც გამოვლინდეს. ამიტომ მერმა მოსახლეობას მოუწოდა, თვითნებური მოქმედებისგან თავი შეიკავონ: “არის რამდენიმე პიროვნება ჩარეული, ვინც ესენი [მწყემსები] ჩამოიყვანა, არ ვიცი მოტყუებით თუ შეთანხმებით, არის საუბარი შესაძლო გარიგებებზე და შესაძლებელია იყოს თაღლითობის ფაქტიც, ამაზე შესაბამისი უწყებები გამოძიებას აწარმოებენ.”

საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ დახმარებას არ აპირებს, ამიტომ პრობლემებს თავად მოაგვარებენ. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილების ნაწილი „უზუნჩაირის“ მთისკენ, მომთაბარე მწყემსების მათი ტერიტორიიდან გასაყვანად წავიდა. ადგილობრივებს მთაში სამართალდამცველებიც გაჰყვნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი კი, აცხადებდა, რომ მწყემსებთან მოლაპარაკებას ადგილობრივი თვითმმართველობა და პოლიცია უკეთესად შეძლებს.

აქციის მონაწილეების მთაში ასვლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მომთაბარე მწყემსებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. კახეთიდან ჩამოსულმა მწყემსებმა, რომლებსაც 15 000 ცხვარი და 300 სული საქონელი ჰყავთ მიბარებული, დროებითი საცხოვრებელი სახლების დაშლა დაიწყეს.

„ხუთი ოჯახი ვართ ჩამოსული კახეთიდან, 20 დღის განმავლობაში მოვდიოდით, არ ვიცოდით, თუ ეს კერძო საკუთრება იყო, ჩვენ დაქირავებული მწყემსები ვართ. 15 000 ცხვარი და 300 სული ძროხა გვყავს, ბავშვებით ვართ ჩამოსულები. დღეს პოლიცია ამოვიდა და გვითხრა, ეს ტერიტორია უნდა დატოვოთო. მივდივართ, მაგრამ არ ვიცით, სად, პირუტყვის მეპატრონე მოვა და გადავწყვეტთ.” – ამბობს ბახმან რახიმოვი.

13 სოფლის მოსახლეობა მომთაბარე მწყემსების ცხვრის ფარების მიერ განადგურებული სათიბების გარდა, 70 სულამდე მოპარული საქონლის საკითხსაც აპროტესტებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მათი პირუტყვის მოპარვაში მომთაბარე მწყემსები ფიგურირებდნენ. ისინი ვარაუდობენ, რომ საქონელი თურქეთში გადაიყვანეს.

ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ 30 ივნისს მთაში მოპარული პირუტყვის საქმეზე, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინსიტრაცია, თურქეთის ჟანდარმერიასთან აქტურად თანამშრმლობს. აქციის მონაწილეებს ზაზა მელიქიძემ განუცხადა, რომ ქურდობის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, გარდა ამისა თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილიც აწარმოებს.

„გუბერნატორი ესაუბრა თურქეთის მხარეს, არდაგანის გუბერნატორს. ჩვენი პოლიცია და თურქეთის ჟანდარმერია თანამშრომლობენ, ინფორმაციებს ცვლიან, იქ სატელეფონო კავშირებია. გუშინწინაც სამხარეო ადმინისტრაციაში ვიყავით შეკრებილები, ამ პრობლემაზე ვმსჯელობდით.” – განაცხადა მელიქიძემ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”

მსგავსი პოსტები

Back to top button