კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“საექსპერტო დაწესებულებას არასდროს გამოუყენებია ყინული”

ექსპერტიზის ბიურო ბაჩალიაშვილის ოჯახს პასუხობს

სამხარაულის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა და ბიურო მზად არის, ოჯახს ცხედარი გადასცეს.

ბიუროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის ახლობლებმა ბიუროს მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან უარი ეთქვათ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიუროში ყინულს არ იყენებენ. უწყების თქმით, ბიურო მზად არის, ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქმამდე, გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში განათავსოს.

„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უპირველეს ყოვლისა გამოვთქვამთ მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.

“ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.

“სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.

“აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქმამდე.

“ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან, სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა.

“ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება.” – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადება

ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა წუხელ განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ცხედარი არაა გადასვენებული და ბიუროში უთხრეს, რომ ყინული არ აქვთ.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ყინული არ აქვთ. ბიძაშვილი იყო და იმას უთხრეს, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ გადმოვასვენებთო, თან ყინული არ აქვთ, ამიტომაც შევფერხდით, არ ვიცი. მერე ბიჭებმა ირბინეს, ყინული ნაშოვნია და დილით ადრე უნდა მივიტანოთ.” – განცხადა ბაჩალიაშვილმა.

საგამოძიებო მოქმედებები

კომპანია „ზეგი“-დან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცავებმა კომპიუტერები ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები საგამოძიებო მოქმედებებს კომპანიის ოფისში გვიან ღამემდე ატარებდნენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პოლიცია შევიდა და სამუშაოები ჩაატარა მეორე კომპანიაშიც, რომელშიც ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგ“-ში პროგრამისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული, რომელიც „აუთსორსზე“ მუშაობდა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი თეთრიწყაროს ტყესთან, მისივე ავტომანქანაში ნახეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button