საერთაშორისო ბლუზშეჯიბრის გამარჯვებული ბენდი “სობო” ლაგოდეხში კონცერტს გამართავს

ხვალ შაბათს, 22 ივლისს, 20:30-ზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, „ბლუზვილიჯის“ სცენა დაეთმობა საერთაშორისო აღიარების ბენდს ისრაელიდან – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს.

“სობო” სახელგანთქმული როკ-ენ-ბლუზ ბენდია, რომლის რეპერტუარი ჩამოყალიბდა ამერიკული, რუსული და შუა აღმოსავლური მელოდიების გავლენით.

ძლიერი ენერგეტის მქონე ეს ლეგენდარული ტრიო თავის რეპერტუარში ბლუზის, როკის, რიტმ ენდ ბლუზისა და ფანკის მიმართულებებს აერთიანებს.

პირველი ალბომი Southbound Train გამოვიდა 1998 წელს და მთლიანად გაიყიდა. 2002 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო Delta Neva International Blues Festival-ში და მოიპოვა ოქროს მედალი საუკეთესო შესრულებისთვის.

2004 წელს ისრაელი წარადგინა მემფისში გამართულ საერთაშორისო ბლუზშეჯიბრებაში, სახელწოდებით – “ბლუზი მშვიდობისთვის”. დღესდღეობით „სობო“ ერთერთი საკმაოდ მოთხოვნადი ჯგუფია, უამრავ ტურნეში მონაწილეობს და ემზადება მეოთხე ალბომის გამოსაშვებად. სამოგზაურო კალენდარში ქვეყნების ჩამონათვალს უკვე საქართველოც დაემატა. მათი ყოველი გამოსვლა საოცრად იმპროვიზირებულია და მსმენელს ბლუზის სამყაროში ჩაღრმავების საშუალებას აძლევს. გასულ წელს უდიდეს წარმატებას მიაღწიეს მსოფლიოში ცნობილ „ორფეუმის“ თეატრში გამართულ საერთაშორისო ბლუზშეჯიბრზე.

მსაჯებმა, ფართო აუდიტორიამ და მუსიკის ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს მათი გამორჩეული შესრულების სტილი და ემოციურობა. თავის მხრივ, ბენდის წევრებიც ამაყობენ IBC ფინალისტობით, რადგან იშვიათობაა ფინალში გაიმარჯვოს არაამერიკულმა ბენდმა. „სობოს“ გამოდის სცენაზე ბლუზის მეგავარსკლავებთან ერთად, როგორიცაა, John Lee Hooker Jr., Oli Brown, JC Smith, Alvon Johnson, Robert Lighthouse, Candye Kane & Laura Chaves, Lil Jimmy Reed, Sharon Lewis…

ეს კონცერტი განსაკუთრებით დააინტერესებს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. „სობოს“ საშესრულებლო მანერა მორგებულია მსმენელის გემოვნებაზე, ფანკისა თუ როკის საცეკვაო რიტმებით. 23 ივლისის ჯემსეიშენი ქართველ შემსრულებლებთან ერთად ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, ბლუზის საშემსრულებლო მანერის დახვეწას და რეპერტუარის გამდიდრებას. ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge-ზე ან ადგილზე კონცერტის დაწყებამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button