“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს განცხადება რადიო “ჰერეთზე”

დღეს, 2 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ, რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტს სოფო სარალიძეს ხმამაღლა მიუთითა გაეშუქებინა ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვის საკითხი. საკრებულოს სხდომის განმავლობაში ბარბაქაძემ ჟურნალისტის მისამართით საყვედური უხეში ფორმით რამდენჯერმე გამოთქვა.

“ვთვლით, რომ მსგავსი სახის მითითებები ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან ასეთ ქცევას დაუშვებლად მიიჩნევს. მოვუწოდებთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯრომარეს და საკრებულოს ყველა წევრს არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან არასათანადოდ და კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იქცევიან. მნიშვნელოვანია, ყველა ასეთ ფაქტს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება საკრებულოს სხვა წევრების და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა თავიდან ავიცილოთ მედიაზე ზეწოლის მცდელობები მომავალში”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button