მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპოროექტი ხვალ განიხილება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, 15 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

გასული წლის ნოემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პირველი მოსმენით გადის.

კანონის პროექტით “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით შემდეგი შეზღუდვა დგინდება: – თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ დაადგინა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მისი მიდგომა დისკრიმინაციული იყო ან მან კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას გადაამეტა, რის შედეგადაც კანდიდატის უფლებები დაირღვა ან საფრთხე სასამართლოს დამოუკიდებლობას შეექმნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი საბჭოს მიერ ხელახალი განკარგულების/ხელახალი წარდგინების მიღების პროცესში აღარ მონაწილეობს.

იცვლება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი. კერძოდ, დგინდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს დანიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისათვის დადგენილი წესით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატი უფლებამოსილი იქნება, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს საკუთარი ხედვა და მოსაზრება მისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღნიშნული ინიციატივები განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა.

წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გადაისინჯება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი და საბოლოო რედაქცია რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება.

კობახიძის თქმით, საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს „პირნათლად ასრულებს“.

„ჩვენ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტს. ზედმიწევნით გავყვებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გადაისინჯება ის დოკუმენტი, რომელიც ინიცირებულია და სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი იქნება სათანადოდ შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button