მნიშვნელოვანისიახლეები

საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო -პარტია ლელო – საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

კოალიცია "ძლიერი საქართველო" სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
ჯაფარიძის თქმით, მას ბრალი საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო წაუყენეს.

„ბრალი წამიყენეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას ეხება. შემდეგი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის, არ ვიცი, დაველოდოთ. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი „ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ჩამოშორდება ხელისუფლება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კომისიის სხდომაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. საქმის ფარგლებში ბრალი უკვე წარდგენილი აქვს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც სასამართლომ 50 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საჯარო სივრცეში ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებმა თბილისის პროკურატურასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განმარტა, მათი პოლიტიკური ძალა სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას „კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას“.

„არალეგიტიმურ პარლამენტში შეკრებილმა ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო რუსულმა კომისიამ, მიმდინარე სხდომებსა და პროპაგანდისტული მედიების ეთერებში, მისი წევრების განცხადებებმა ღიად დაადასტურა, რომ ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა, დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება; საქართველოს რეალურ, პროდასავლურ პოლიტიკურ კლასზე თავდასხმა და მისი განადგურების მცდელობა; რუსული რევანში და კრემლის სახელით ქართული ჯარის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს გასამართლება.

დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, ამ ორგანოს უპირველეს დანიშნულებად და მიზნად „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების დევნას ისახავს. ეს ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, როდესაც პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის ხელშია და არცერთი გამოძიებული საქმე არ არსებობს. ე.წ კომისიის სხდომებზე გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, თეა წულუკიანის დამაზუსტებელი „კითხვები“ და მის მიერ პროპაგანდისტულ ეთერში გაკეთებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამელური, მუქარანარევი განცხადებები, შესაძლოა განვიხილოთ სასამართლოსთვის მითითებად.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე, რეალურად არის „ლელო-ძლიერი საქართველო“, როგორც დამოუკიდებელი, პროქართული, პროევროპული ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ხალხს რეალურ ალტერნატივას სთავაზობს, რაც პარტიის მზარდი რეიტინგითა და მისი რიგების გაფართოებით დასტურდება. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას არალეგიტიმური პარლამენტის წარმონაქმნის მხრიდან!

მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისათვის დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს, მანამდე კი, სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი, არ ვაპირებთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ კომისიაზე და პროპაგანდისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები!

სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა „ტროიკის“ მსგავსი კომისია დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე წარდგება, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეჟიმის რეალური ზრახვები“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა დღეს ბრალდებას წარუდგენს. “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button