საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი 7 თვით დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის მიერ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის.
მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს.
ვაშაძის დაკავების პარალელურად, პარტიის ოფისში მყოფთაგან ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას!“, „არ გრცხვენიათ?“ ისინი ამ ფრაზებით სამართალდამცველებს მიმართავდნენ. ადგილზე ასევე, იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
მას ასევე აეკრძალა 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობა.
გადაწყვეტილება დღეს, 24 ივნისს, მიიღო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა. თავად გიორგი ვაშაძე სასამართლოში არ მისულა. ის გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში ელოდებოდა.
ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მას 349-ე მუხლით წარედგინა ბრალდება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის აკრძალვას სამ წლამდე ვადით.
სასამართლომ ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო ადრე უკვე შეუფარდა, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
სასამართლო სხდომის პარალელურად, პარტიის ოფისში მედიის წარმომადგენლებს გიორგი ვაშაძემ უთხრა, რომ “მათ ხელშია ერთიანობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ურყეობა საბოლოო გამარჯვების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ, მთავარია, ვიყოთ ერთიანები. ჩემი და ერთეული ადამიანების პატიმრობა არაფერი არ არის, მთელი საქართველო ჰყავს დაპატიმრებული ახლა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს გათავისუფლებისთვის ვიბრძვით ახლა ჩვენ”.
გიორგი ვაშაძის სოლიდარობისთვის, პარტიის ოფისში მივიდნენ ვაშაძის თანაგუნდელები, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარტიების, “ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოსა” და “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ასეთი რამ წარმოუდგენელია ქვეყანაში, რომელიც ეკუთვნის ევროპას, მიდის ევროპისკენ და წავა უთუოდ ევროპისკენ, ამ სივრცეში ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის ყველა მუხლის ასეთი დარღვევები. მგონი, სტრასბურგი მალე ვეღარ აუვა აქედან წასულ სარჩელებს. აქამდე თუ მივიდოდით, ვერაფრით წარმოვიდგენდი, როცა ამ ქვეყანაში მოვდიოდი”.
გიორგი ვაშაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, “ამ საქმეებს არა აქვს არც საკანონმდებლო, არც მმართველობის წესის, არც დებულებიდან გამომდინარე საფუძველი, რომ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდეს. რასაც ვასაბუთებდი დასკვნით სიტყვაში ესაა – შეაყარე კედელს ცერცვი”.
პროკურორ მარიამ მეშველიანის თქმით: “სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს სასჯელი იყო რელევანტური ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით”.
კომისიამ ვაშაძე სხდომაზე 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ის არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის”. კოდექსის ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე.
განაჩენის გამოცხადებამდე გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც გადაიხადა.
„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის” 7-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს და 8-8 თვით – „ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. საბოლოო განაჩენამდე ხაზარაძესაც და ჯაფარიძესაც გადახდილი ჰქონდათ აღკვეთის ზომად შეფარდებული 50 000-50 000 ლარის გირაო.
ამავე მუხლით დაკავებული არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.