“საგანგებო რეჟიმის დამრღვევთა მიმართ ამნისტია არ განიხილება”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საგანგებო რეჟიმის დამრღვევ პირებთან დაკავშირებით, ამნისტიის ამოქმედება არ განიხილება.
“რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, არ დგას დღის წესრიგში არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებიბისთვის, რომლებმაც დაარღვიეს საგანგებო ან საომარი რეჟიმი, ან კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო და საომარი რეჟმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული საკითხი, რა თქმა უნდა, პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000.
საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.