მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

სავარაუდოდ, NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არჩევნებზე არ ჩამოვლენ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე NDI-დან და IRI-დან დამკვირვებლები სავარაუდოდ არ ჩამოვლენ. მისი თქმით, ორგანიზაციებმა ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს უკრაინასთან მიმართებაში, სადაც მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდა.

„მე პირადად მქონდა შეხვედრა IRI-ის ოფისის ხელმძღვანელთან, სადაც მან განმარტა ამ ვიზიტის ამ ეტაპზე გაუქმების საფუძველი, თუმცა გარკვეული იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კამპანია ადაპტირებულია საჭიროებებზე, რომლებიც გამომდინარეობს კოვიდის გავრცელების რისკიდან და ასეც გაგრძელდება. შეეხება დამკვირვებლებს, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება დადგენილი სპეციალური პროტოკოლით იმოქმედებს, გათვალისწინებულია PCR ტესტირება დამკვირვებლებისთვის. ასევე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც. მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა.

„დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში, მათ შორის, ეუთო-დან, სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ვიზიტიც იგეგმება“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული IRI-ს და NDI-ს არჩამოსვლის მიზეზი არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან ამ ორგანიზაციების კრიტიკა, კობახიძემ უპასუხა, რომ მმართველი პარტია IRI-ს და NDI-ს არასდროს აკრიტიკებს.

„არის მხოლოდ ერთი პატარა გამონაკლისი, სადაც ჩვენ ვაკრიტიკებთ არა მათ, არამედ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს, იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან NDI-ს და IRI-ს კრიტიკას თქვენ ვერ მოისმენთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button