საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ტარდება
საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.
საგარეჯოში “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძოლებენ.
მარტვილში კი მხოლოდ ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოსო დანელია.
გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნებიც იმართება.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, დღეს საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში სულ 39 უბანი ფუნქციონირებს.
იქ 33 ათას 543 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება საგარეჯოს, ამ ოლქში სულ 50 საარჩევნო უბანია გახსნილი. საპარლამენტო მანდატისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.