მნიშვნელოვანისაქართველო

საგარეო უწყება: აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა; ვმუშაობთ საკითხის დარეგულირებაზე – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა  დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, უკვე სამი დღეა
მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეებს უდაბნოს მონასტერი აქვთ გადაკეტილი და ადგილზე სასულიერო პირებს არ უშვებენ.

,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც, როგორც საგარეო უწყებამ, ისე სასაზღვრო დაცვის შესაბამისმა სამსახურმა, ჩვენს კოლეგებს მივმართეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. ვმუშაობთ საკითხის დარეგულირებაზე, რომ შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმებისა თუ ტურისტების გადაადგილება. კომუნიკაცია მიმდინარეობს პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან, ეს პროცესს ნამდვილად არ წაადგება.  ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ, როგორც მოცემულ მონაკვეთზე, ისე საყდრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, აზერბაიჯანული მხარე გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება ამ საქმეს“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობა დავით გარეჯთან არსებულ სიტუაციაზე, თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button