მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის რეგიონებზე დრონებით თავდასხმა გახშირდა

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის იმ რაიონში, სადაც გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა, „საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქალაქის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა მიიღო. საგანგებო რეჟიმი ვრცელდება დონის როსტოვის ცენტრში მდებარე პუშკინის ქუჩის იმ ნაწილზე, სადაც დრონით შეტევის შედეგად დაზიანებულია 3 საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, 100-მდე დაზარალებულ მოქალაქეს დროებითი საცხოვრებელი შესთავაზეს.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ გოლუბევის თანახმად, 7 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათისთვის დონის როსტოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო – ერთი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მეორე კი, ცენტრში, პუშკინის ქუჩის რაიონში. გოლუბევის ინფორმაციით, დაშავდა 1 ადამიანი.

რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა დონის როსტოვის ცენტრში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები და ცნობები, რომ ეს ადგილი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის მახლობლად მდებარეობს. დონის როსტოვი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ყველაზე დიდი ქალაქი და სამხრეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ერთ-ერთი დრონი სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის მახლობლად ჩამოვარდა. გარდა ამისა, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ტელეგრამარხში წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქშიც ჩამოაგდეს. კერძოდ, მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, დრონის ნამტვრევები ქალაქ რამენსკოეში, „ჟუკოვსკის“ აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.

7 სექტემბერს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებზე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა პირველი ცნობა საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დრონის განადგურების შესახებ, ადგილობრივი დროით დილის ექვსის ნახევრისთვის გაავრცელა. ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში გაანადგურეს კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი. ოლქის გუბერნატორ ბოგომაზის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევებმა ნაწილობრივ დააზიანა ქალაქ ბრიანსკის რკინიგზის სადგურის შენობა და მიმდებარე მოედანი.

დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე „შეტევის აღკვეთილ მცდელობაზე“ იუწყებოდა მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. მისი მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დრონი მოსკოვის ოლქის რამენსკის რაიონში ჩამოაგდო, რასაც ნგრევა არ მოჰყოლია.

ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. მოსკოვი „კიევის რეჟიმს“ ადანაშაულებს „ტერაქტების მცდელობაში“. უკრაინის ხელისუფლება, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ცალკეულ შემთხვევებს უკომენტაროდ ტოვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button