საჰაერო განგაში კიევში
უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
„ახლა თავშესაფარში ვარ. აქ, ყველამ ლეპტოპი ან ტელეფონი ამოიღო და თავის საქმეს შეუდგა ან აგრძელებს შეხვედრებს. სრული სიმშვიდეა [თავშესაფარში]“, – დაწერა ელჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო. თვითმხილველების განცხადებით, გააქტიურებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები.
კიევის მცხოვრებლებს სხვადასხვა რაიონებში აფეთქებების ხმა ესმით. თვითმხილველები საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ იუწყებიან.
მედიის ცნობით, მასშტაბური საჰაერო განგაში უკვე საათნახევარია გრძელდება. ვრცელდება ცნობები, რომ კიევის გარდა, მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ იმყოფება სხვა ქალაქებიც. რუსულმა რაკეტებმა იერიში მიიტანეს ვინიცის რეგიონზეც. ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთის“ ცნობით კი, ჩერნიგოვის რეგიონის თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს.
ჩერნიგოვში საჰაერო იერიშის დროს ირანული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი აფეთქდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანო-ფრანკოვსკის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა განხორციელდა.