მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სიკვდილის ზონა” თბილისის ზღვაზე

ანა დოლიძემ, მის მიერვე დაფუძებული პოლიტიკური პარტიის, „ხალხისთვის“ წევრებთან ერთად, თბილისის ზღვასთან აქცია გამართა. აქციაზე მოითხოვეს, რომ ხელისუფლებამ ზომები მიიღოს ზღვის ერთ-ერთ ზონასთან, — ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც თბილისის წყალსაცავს მდინარე არაგვი უერთდება. აღნიშნულ ზონაში მოქალაქეთა დახრჩობის შემთხვევები ყოველწლიურად ფიქსირდება.

დოლიძის განცხადებით, ამ საკითხის შესახებ არაერთხელ უსაუბრია, თუმცა შესაბამისი ორგანოების რეაგირება არ ყოფილა.

„დღეს არის პირველი ივნისი და მოვედით, რომ გვეჩვენებინა, რამდენად ფარსია ეს დღე საქართველოში და რამდენად დაუცველი არიან ბავშვები საქართველოში. 2 წლის წინ მე და ალეკო ცქიტიშვილმა დავიწყეთ კამპანია, რომლის მიზანი იყო დაგვესრულებინა სიკვდილის ზონა, რომელიც მდებარეობს აქ, თბილისის ზღვაზე, სადაც ყოველ წელს იღუპება რამდენიმე ბავშვი. ბოლო 3 წლის განმავლობაში 6-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა აქ ცურვისას. მიუხედავად ჩვენი კამპანიისა, არაფერია შეცვლილი. მოვუწოდებთ თბილისის მერიისა და წყლის კომპანიას, აიღოს პასუხისმგებლობა და აღკვეთოს სიკვდილის ზონა, რომელიც არსებობს თბილისის ზღვაზე”. — განაცხადა დოლიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ზომები უნდა იყოს მიღებული, დოლიძემ უპასუხა:

„2 წლის წინ დავიწყეთ კამპანია და მოვითხოვეთ უსაფრთხოების ზომების დაყენება, — ღობის, ნიშნულის, ნიშნულიც კი არ არის, რაც არის, კერძო პირებმა დადეს. მერია პასუხისმგებლობას არ იღებს და ამბობს, რომ თბილისის წყლის კომპანია არის პასუხისმგებელი. ისინი ამბობენ, რომ – მერია. გვჭირდება გამაფრთხილებელი ნიშნული ამ პერიმეტრზე, ამ ზონის მოწესრიგება, ნიშნები”. — განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, თუ ზომები არ იქნება მიღებული და უბედური შემთხვევა ისევ მოხდება, „ეს იქნება პირდაპირ კახა კალაძისა და GWP-ის კისერზე“.

მსგავსი პოსტები

Back to top button