მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება

უქმდება საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, – 2005 წელს შექმნილი უწყება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი იყო. როგორც მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცენტრი რეორგანიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

ამასთან, მედიაში ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში უკვე ყოფილი დასაქმებულები ავრცელებენ ინფორმაციას მათი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია“.

უწყების თანამშრომლების ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მიუვიდათ შესაბამისი შეტყობინებები დამსაქმებლისგან.

ამავე წერილში წერია, რომ 1 ივლისიდან იგეგმება სსიპ-ის ლიკვიდაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია დაუდასტურეს და ასევე უთხრეს, რომ ცენტრი „რეორგანიზაციის შედეგად უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს“.
ცენტრში დასაქმებულებს „ერთი თვით ადრე“ აცნობეს „დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

საგარეო უწყებას ჯერ არ უპასუხია, აგრძელებს თუ არა მუშაობას სამინისტროში სსიპ-ის ახლანდელი დირექტორი, თამარა წულეისკირი, – რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მეუღლეა. პასუხის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

განახლება: სამინისტროს პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ „თანამშრომლების და ადამიანური რესურსის საკითხიც განსაზღვრული იქნება რეორგანიზაციის პოლიტიკიდან“.

სამინისტროდან ასევე მოგვწერეს, რომ „რეორგანიზაციის შედეგად საინფორმაციო ცენტრი შეერწყმება ცენტრალურ აპარატს“, ამასთან, „სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების მართვას და ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აღნიშნულ თემებზე გაცილებით ეფექტიან კოორდინაციას“.

2023 წელს, „აგენტების კანონის“ განხილვისას, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ მისი „ფეისბუკ-მეგობრებისა და რეალური ნაცნობების სია“, თუ ფიქრობდნენ, რომ მისი ქმარი „ქვეყნის მოღალატეა“.

„გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი მისია – დასავლური ღირებულებების შესახებ ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ამ პროცესებში მისი ჩართულობის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – წერია საინფორმაციო ცენტრის საიტზე აღწერაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს მედიის შეკითვებს ნატო-სა და ევროკავშირის ცენტრის შესაძლო გაუქმების შესახებ და განმარტავს, რომ ცენტრი სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა.

დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაიგეგმა.

იქამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button