საჯარო რეესტრმა პრორუსული „ალტ-ინფო“ დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა პრორუსული, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ მიმართვა და დაარეგისტრირა ახალი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით: „კონსერვატორები საქართველოსთვის“. გადაწყვეტილება 22 აპრილით არის დათარიღებული.
„ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოცემისთანავე“, – წერია პარტიის რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში (იხილეთ მოწმობა).
“ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით.
მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაცნობიერება – პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები და, მიღებული დარტყმების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებ ბრძოლას, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს.
ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე და სისუსტე შეიძლება იყოს უიმედობის განცდა, ხელების ჩამოყრა, იმ აზრის გაჩენა, რომ არაფერს აზრი არ აქვს და უნდა შევეშვათ.
ხოლო ყველაზე დიდი ძალაა საკუთარი ბრძოლის სიმართლის განცდა, სიჯიუტე და მოუსვენრობა.
ამ ბრძოლაში არაფერი მარტივი არ იქნება, მოწინააღმდეგე არაფერს იოლად არ დაგვითმობს, ცხადია, კიდევ გველის წინ იმაზე არანაკლები წინაღობები, ვიდრე აქამდე გვქონია და გამოსავალი აქ მხოლოდ ის არის, რომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ამ ბრძოლაში ჩავებით, ასე მოგვიწევს ცხოვრება კიდევ დიდხანს და სირთულეები და უსამართლო წინაღობები ამ ცხოვრების ჩვეულებრივი ყოველდღიური შემადგენელია. მხოლოდ მაშინ, როცა ასე ცხოვრებისთვის მზად ხარ და მოწინააღმდეგეს ნებისყოფაში აღემატები, ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად აღწევ ცვლილებებს, რომლებიც მთელ ქვეყანას ეტყობა.
რისთვისაც ჩვენს დიდ გუნდს ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ მიუღწევია და კიდევ ბევრჯერ მიაღწევს.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც იბრძვით და არ ჩერდებით და ვისი სიჯიუტის შედეგია, რომ დღეს კონსერვატორებს პოლიტიკურ ველზე არსებობის და პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობის უფლება უღიარეს!
შემდეგი ბრძოლა უკვე არჩევნებზე გვექნება.” წერს სოციალურ ქსელში შოთა მარტინენკო.
რამდენიმე თვეში, 2025 წლის ოქტომბერში, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ჯერ არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას რომელიმე ის ოპოზიციური პარტია, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა.
განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის ვებსაიტზე 27 თებერვალს გამოჩნდა, თუმცა ამ დრომდე არ კმაყოფილდებოდა. პირველი ხარვეზი რეესტრის თანამშრომელმა 27 მარტს აღმოაჩინა, მეორე კი – 8 აპრილს. მონაცემების განსაახლებლად პარტიას, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, 10-დღიანი ვადა ჰქონდა.
„ვარეგისტრირებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ“, – უთხრა 28 თებერვალს მედიას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ. „ალტ-ინფოს“ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში გაიმართა არაერთი აქცია, რომლებიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა.
.იქამდე რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია ორჯერ შეუჩერა. „ალტ-ინფოს“ პარტია („კონსერვატიული მოძრაობა“) გასულ წლებშიც ჰქონდა, თუმცა საჯარო რეესტრმა მას რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა ამ პარტიის დოკუმენტების შესწავლის შესახებ.