საკადრო ცვლილებები მთავრობაში -კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები მთავრობაში და ღია დაპირისპირება კლანებს შორის – პრემიერი კობახიძე მინისტრთა კაბინეტს ღარიბაშვილის კადრებისგან ასუფთავებს. წმენდა “ქართული ოცნების” მთავრობაში რომ მასშტაბური და საფუძვლიანი იქნება ეს დღევანდელი გადაწყვეტილებიდანაც ცხადია. ჯანდაცვის მინისტრი, ადმინისტრაციისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები – და ეს მხოლოდ დასაწყისია, ირაკლი კობახიძე არ მალავს რომ ცვლილებები მთავრობაში გაგრძელდება და სავარაუდოდ ყოფილი პრემიერის გარემოცვას სრულად მოიცავს. გავრცელებული ინფორმაციით ცვლილებების მომდევნო ეტაპზე საგარეო და იუსტიციის მინისტრები ჩანაცვლდებიან.
ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემაც დატოვა.მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია შეასრულებს.
ჯაველიძე ამ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა, უფრო ადრე იყო მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
კობახიძის გადაწყვეტილებით, დღეიდანვე ამ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დაიკავებს ილია შამუგია. ის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის დეპუტატობის დროს, მისი კაბინეტის უფროსად მუშაობდა.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე იყო ცნობილი, რომ იგი ადმინისტრაციაში ცვლილებებს აპირებდა. თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის შეცვლა იყო.
გარდა ამისა, პრემიერის ბრძანებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი – ლევან სუხიტაშვილი პოსტიდან გათავისუფლდა.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილიც, გაათავისუფლა.
ბარნაბიშვილი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.