სახალხო დამცველი კელი დეგნანს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი,ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.
„დღევანდელი ვიზიტი ელჩის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პატივისცემის დადასტურება და გამოხატულება იყო.
ჩვენ დღეს ყურადღება გავამახვილეთ უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე და იმ პრობლემებზე, რასაც ამ პროცესში ვხედავთ. ასევე, ვისაუბრე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ხაზი გავუსვი სახელმწიფოს და სამართლადამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და ინდიკატორისა, სამართლადამცავ ორგანოებს დღემდე არავინ არ მიუცია პასუხისგებაში ამ ძალადობრივი ქმედების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ და საუბრობენ.
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, განსაკუთებით აქ საქართველოში, მაშინ როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უმკლავდება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სახალხო დამცველის აპარტთთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.