სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა ონლაინგამოცემების – “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი რომელიც 27 დღეა შიმშილობს, კლინიკა “ვივამედში” მოინახულეს
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა ონლაინგამოცემების – “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელიც 27 დღეა შიმშილობს, კლინიკა “ვივამედში” მოინახულეს. კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს.
როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ განაცხადა, სისუსტის მიუხედავად მზია თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე კლინიკაში გადმოყვანამდე, თუმცა ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი:
“მდგომარეობა დასაფიქრებელია, შიმშილობის უკვე მერამდენე დღეა. როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, უფრო მძიმედ იყო კლინიკაში გადმოყვანამდე. კლინიკაში ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები. დღესდღეობით ისეთი მძიმე მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებაა, რომ ადეკვატურად, კარგად და დროულად მკურნალობენ.
უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობას აქვს აქვს საზღვარი და ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ, ორგანიზმში ისეთი ცვლილებები მიდის, რომ ეს მიხმარება გარედან აღარ იქნება საკმარისი. შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ვეღარ დავიჭიროთ — გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში. ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. ამიტომ მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ გაგრძელდეს მისი მკურნალობა. თუმცა, ისევ ვიმეორებ, ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც რაღაც დროის შემდეგ, ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევით ვერ მოხერხდება პაციენტის გადარჩენა” – აღნიშნა გიორგი გვილიამ.
ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ შიმშილობის დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის, შესაბამისად აუცილებელია, რომ მზია კლინიკაში დარჩეს:
„ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ ამბობს, უარესად ვიყავი და აქ ახლა უკეთესად ვარო. სისუსტე დამრჩა, მაგრამ იქ უფრო მეტი იყოო. ჩვენთან ერთად იყო ექიმი, რომელმაც ორჯერ ნახა დაწესებულებაში და ამბობს, რომ სისუსტე ახლა უფრო მეტი აქვს, ვიდრე დაწესებულებაში ჰქონდა. ანუ, ექიმის შეფასებით, სისუსტე აქ უფრო მეტია. დადის თუ არა პალატაში, ამის შესახებ რომ ვკითხეთ, გვითხრა, რომ ცდილობს, იაროს. აქ ძალიან ცოტას დავდივარო, დაწესებულებაში უფრო ვაქცევდი ამას ყურადღებასო. ცუდი ამბავი ისაა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნება დაწესებულებაში, რაც მიზანშეწონილი არ არის. ექიმი ვალდებულია, უთხრას, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ყველა თავის სპეციალობას ასრულებს და ექიმი, პირველ რიგში, უნდა ზრუნავდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, კატეგორიულად უთხრა, შეწყვიტე შიმშილიო, რაზეც უპასუხა, არ შევწყვეტ შიმშილობასო. ეს გასაგებია, მაგრამ შიმშილს თუ არ შეწყვეტს, უნდა იყოს დაწესებულებაში კონტროლის ქვეშ, რადგან ექიმები მოასწრებენ რეაგირებას, რათა შეუნარჩუნონ არა მარტო სიცოცხლე, ინვალიდიც რომ არ გაგვიხდეს მომავალში. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად, სწორად. გაინტერესებთ, რა დროს რა გართულება შეიძლება მოხდეს? – არავინ იცის. თქვენ მომცემთ გარანტიას, რომ დილამდე ემბალია არ დამემართება? ამიტომ, გულსისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე, შიმშილის დროს არავინ იცის, რა დროს, რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, რადგან საკვებს არ იღებს. ერთადერთი, რაც ცოტა მამშვიდებს, არის ის, რომ არ აქვს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის დაავადება აქვთ, სულ აქვთ ვიტამინების დეფიციტი. ამიტომ, ახლა შეიძლება, უკეთესად იტანს ორგანიზმი, ვიდრე გადაიტანდა იმ ადამიანთან, ვისთანაც იქნებოდა სწრაფი ვარდნა. ვთხოვეთ, რამდენიმე დღე დაგვიჯეროს ექიმებს და დარჩეს, რათა შევსება მოხდეს ორგანიზმის“- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა ელენე გიორგაძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელი მოინახულა, ოთხ მედიკოსს აერთიანებს: გასტროენტეროლოგს, ნევროლოგს, ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგს.
ექიმის თქმით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სურს საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის.
ინფორმაციისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით სამი დღის წინ გადაიყვანეს.
5 თებერვალს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
უწყების თანახმად, ამაღლობელმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
როგორც ადვოკატი ამბობს, მზია ამაღლობელის სურვილია, რომ დღეს, ხელახალი გამოკვლევების შემდეგ, დააბრუნონ საპატიმროში.