მნიშვნელოვანისიახლეები

სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედში მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ წინა ვიზიტებთან შედარებით, ის “უკეთესად გამოიყურება”.

“მოვინახულე ვივა მედის კლინიკაში ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული, ვინც იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე. […] მისი ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორც დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება”, – თქვა იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, ის წელიწადში ერთხელ ყველა პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობს და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობითა და საჭიროებებით ინტერესდება.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ვივა მედიდან საპატიმროში გადაყვანა, მან თქვა, რომ “ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”.

“მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი, არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

იოსელიანის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან მოკლე შეხვედრა ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილს რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაუჟღერებია.

“მოკლე შეხვედრა იყო, ძირითადად მადლობა გადამიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის მანძილზე რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას და მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, მანდატის ფარგლებში რაც არის გასაკეთებელი, არა მარტო მის მიმართ, ყველას მიმართ, აუცილებლად გავაკეთებთ. რაიმე კონკრეტული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, არც ექიმების მიმართ, მათ შორის”, – თქვა სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენის თქმითვე, შეხვედრა მოკლე იყო და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერებულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია და მოითხოვეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს.

მსგავსი პოსტები

Back to top button