სახალხო დამცველმა შშმ პირთა დაწესებულებების მონიტორიგის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების შესახებ სპეციალური ანგარიში დღეს წარუდგინა.

მონიტორინგი ჩატარდა სახელმწიფოს ხუთ რეზიდენტულ დაწესებულებაში: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, სადაც იმ დროისთვის იმყოფებოდა 58 ბენეფიციარი; კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში – 28 ბენეფიციარი; ძევრის შშმ პირთა პანსიონატი – 64 ბენეფიციარი; დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში – 43 ბენეფიციარი და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში – 69 ბენეფიციარი.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დაწესებულებებში განთავსებული შშმ ბენეფიციარების უფლებათა დაცვის ხარისხი და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობა შეამოწმეს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული და დამხმარე კადრების სიმწირე, ფსიქო-სოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა და დაბალი პროფესიონალიზმი, გარესამყაროსთან და ოჯახებთან (მათ შორის შვილებთან) კონტაქტის სიმწირე, სოციალური პასიურობა და საზოგადოებისგან იზოლაცია, ასევე დაწესებულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები შეუძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებას, რაც ბენეფიციართა უფლებების უხეში დარღვევების, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება, ზოგჯერ კი იწვევს შშმ პირთა სიცოცხლის უფლების დარღვევას. ამასთან ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა მიერ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ.

დაწესებულებების ხელმძღვანელებს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება არ მიაჩნიათ ზრუნვის მნიშვნელოვან სტანდარტად.
გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების და ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის მიმართ.

რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზება; ზრუნვის ადეკვატური ფორმებისა და პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ყველა სახის დისკრიმინაციის პრევენცია; დაწესებულებების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა ბენეფიციართათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მომსახურების მიწოდებისა და აღნიშნულ პროცესში ყველანაირი რისკის მინიმუმამდე დაყვანისკენ; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახებთან და შვილებთან კონტაქტის მიზნით მუშაობის გაძლიერება; საჭირო ღონისძიებების გატარებით დაწესებულებების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და სხვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button