” საყარაულო განაწესის გეგმური შეცვლისას ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს”

სამხედრო მოსამსახურის,გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც მასშია აღნიშნული, რიგითი ჭარისკაცი საყარაულო განწესის გეგმური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში იპოვეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. რიგითი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

“ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრამვული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. საქმე აღძრულია სსკ 116 მუხლის 1 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

რიგითი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს”,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button