სახელისუფლებო პარტიამ სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე არ დაპატიჟა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მსვლელობისთვის ემზადებიან
სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე არ ეპატიჟება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც დღეს ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოება უნდა.
სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. “ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ ეროვნული ნაკრების საპატივსაცემოდ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება გააკეთა და პრეზიდენტს მორიგი ბრალდებები წაუყენა:
“არ მიგვაჩნია ჩვენ, ორგანიზატორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც საქართველოში გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა. პირიქით, თავის ყველა ქმედებით ცდილობს, რომ როგორმე დაუპირისპიროს ახალგაზრდები ერთმანეთს. აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომ არ დაეპატიჟებინა სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე” ამბობს ვოლსკი.
დღეს, გვინდა, ერთად აღვნიშნოთ ის პატარა წარმატება, რომელიც იყო, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
“დღეს, გვინდა, ერთად აღვნიშნოთ ის პატარა წარმატება, რომელიც იყო და ისტორიის ის ნაწილი, რომელიც ერთად დავწერეთ,” – განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა.
სასაუბრო თემა რომ მხოლოდ ფეხბურთია, ეს უდიდესი მიღწევაა, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.
მან ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს მათთვის დაუვიწყარი ემოციებია:
“დიდ მადლობას გიხდით ყველას, ეს ჩვენთვის დაუვიწყარი ემოციებია. ჯერ ვერ ვიაზრებთ, რა ხდება. ზღაპრის ბოლო კეთილიაო და, მართლაც, კეთილია. ზღაპარიც არ ყოფილა, თურმე, სინამდვილე ყოფილა. ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ყველას გაერთიანება, არავინ საუბრობს პოლიტიკაზე, სასაუბრო თემა რომ მხოლოდ ფეხბურთია, ეს უდიდესი მიღწევაა,” – აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი.
შეგახსენებთ, დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.