მნიშვნელოვანისიახლეები

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება

"ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება – “ქართული ოცნება” კანონპროექტს დღეს პირველის მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია ინპექტორის სამსახურის გაუქმებას ახალ წლამდე გეგმავს და საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.

არ არის გამორიცხული გადაწყვტილებას პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, თუმცა უკვე დაანონსებულია, რომ “ოცნების” უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების შექმნას ითვალისწინებს, სამმა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა. განხილვა ყველაზე ბოლოს იურიდიულ საქმეთა კომიტეტში დასრულდა. პროცესი ხმამაღალი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ლონდა თოლორაიას სამაგალითოდ სჯის; მათი აზრით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაც სწორედ ამ ფაქტის დადასტურებაა.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობა პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო უმრავლესობა ინსტიტუტის გაჯანსაღებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ერთ უწყებას არ აქვს.

“საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს. ეს ქმნის სისტემურ პრობლემას. არცერთ ევროპულ, წამყვან ქვეყანაში ეს ორი ფუნქცია ერთ სამსახურს არ გააჩნია. ამიტომაც ხდება ინსტიტუციური გასწორება და გაჯანსაღება ამ ინსტიტუტის,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი წარმატებული სამსახური იყო, დამოუკიდებელი. კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ნაუცბადევად და ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება ხდება დაჩქარებული წესით, ორი დღის განმავლობაში, ნათლად მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით და ცდილობს ამ სამსახურის დამოუკიდებლობის მოსპობას,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი.

საფრანგეთის ელჩის საქართველოში დიეგო კოლასი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას ეხმიანება. დიპლომატი ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი რეფორმები სიფრთხილით და ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმა 28 დეკემბერს გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ და განაცხადა, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში ის ზიანს მოუტანს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას. მან კანონმდებლებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. განცხადება ევროპის საბჭოს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღებისგან, რომლის მიზანია გააუქმოს სახელმწიფო ინსპექციის სამსახური, დამოუკიდებელი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დაცვისთვის და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი გარკვეული დანაშაულების გამოძიებისთვის.

ეს საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისა და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას სამსახურიდან. მიღების შემთხვევაში ეს კანონმპროექტი მხოლოდ დაასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების ფუნქციონირებას,“ ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

პარლამენტის ბიურომ 27 დეკემბერს მსვლელობა მისცა უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ამასთან, ბიურომ მხარი დაუჭირა მის დაჩქარებული წესით განხილვას.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფიქრობს, რომ მისი სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამო პარლამენტმა, “ქართულმა ოცნებამ”, ამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

“ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ლონდა თოლორაიას მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არა აქვთ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეჭვების გასაფანტად მას “მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში” მუშაობა შესთავაზა.

მსგავსი პოსტები

Back to top button