სახელმწიფო სახსრების მითვისება და 43 მილიონიანი ტენდერი
თბილისის მერია ხიდის მშენებლობას და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს, რაც ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 43 453 000 ლარი დაუჯდება.
გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას შეეხებოდა, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული. ეს არის კომპანია “ენსისი”.
წინადადების მიღება 14 მაისს დასრულდა. “ენსისის” გარდა, ამ ტენდერში მონაწილეობა არც ერთ სხვა კომპანიას არ მიუღია.
მხოლოდ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 8 484 000 ლარი დაგვიჯდება. დაფინანსების წყარო 2020-21 წლის თბილისის ბიუჯეტია.
ამჟამად, ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, კომპანია “ენსისი” კიდევ ერთ მსხვილ ტენდერში გამოცხადდა გამარჯვებულად.
ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც 34 969 000 დაგვიჯდება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი პროექტის მიხედვით, რომლის ამსახველი ვიდეორგოლიც თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გამოაქვეყნა, იგივე ხიდის ხიდის მშენებლობა 20-30 მილიონი ლარი ჯდებოდა და პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
კომპანია “ენსისი” ამ ტენდერშიც ერთადერთი მონაწილე იყო.
დაფინანსების წყარო 2020-2022 წლების თბილისის ბიუჯეტია. სამუშაოების დასრულების ვადა, – 3 წელი. წინადადებების მიღება 27 აპრილს დასრულდა. ამ შემთხვევაშიც, ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
საინტერესო დეტალი: კომპანია “ენსისის” 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი ქელბაქიანია, აღმასრულებელი დირექტორი კი, – მაია ჯიმშელეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქელბაქიანი 2012 წლის ნოემბერში სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების ბრალდებით იყო დაკავებული. მაშინ ქელბაქიანს სასამართლომ გირაო შეუფარდა.
თუმცა, presa.ge-ს ინფორმაციით, მან შემდგომი წლების განმავლობაში, “ქართული ოცნების” ლიდერებთან, მათ შორის, თბილისის მერთან დაახლოება და მსხვილი ტენდერების მოგება მოახერხა.
მაგალითად: კომპანია “ენსისის”, ჯამში, უკვე 65 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.