სახელმწიფო სუბსიდირების მიუხედავად თელავში პურის ფასი მუდმივად იზრდება
პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიუხედავად,თელავის სასურსათო მაღაზიებში, პურის ფასი მუდმივად იზრდება. 65 თეთრიანი პური, უკვე 75 თეთრი გახდა.
ფასი არ შეუცვლიათ, მაგრამ პურის წონა შეამცირეს კერძო პირების მფლობელობაში არსებულმა საცხობებმა.
მათ ერთი ლარის ღირებულების პურის წონა, 500- 600 გრამამდე დაიყვანეს. საცხობების მფლობელები ამბობენ, რომ ფქვილის რეალიზატორ კომპანიებში ფასები მერყევია, რაც მათი სტაბილური მუშაობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორია.
” ფქვილის ფასიც ხშირად იცვლება. ჩვენთვისაც არ არის სიტუაცია სტაბილური. ერთ ტომარაში, 58- დან დაწყებული, 65 ლარამდეც ვიხდით. ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამაში ვერ მონაწილეობს თუ თავს არიდებს, ვერ გეტყვით. პური სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია და ფასის შეცვლა ჩვენთვისაც მძიმეა”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ერთ- ერთი საცხობის მფლობელმა.
ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პურ- პროდუქტებზე ფასის ყოველდღიური ცვლილება, 280 ლარიანი საპენსიო სარგოსა და მასობრივი უმუშევრობის პირობებში, ოჯახების ბიუჯეტს მძიმედ აწვება.
“ყოველკვირა მომატებული ფასი მხვდება. სხვა რომ არაფერი ვიყიდო, უპუროდ ხომ ვერ ვიქნები. თუ ფასს არ ამატებენ, წონაში ისეა შემცირებული, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ჩვენი ჯიბიდან მიდის. ფასების მატება, შიმშილის განაჩენია ჩვენთვის”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ზოია შიუკაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სახელმწიფო სუბსიდიით, პურზე ფასი ნარჩუნდება.
“პროგრამის ფარგლებში, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებულია, ერთი, 50-კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად. სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე ყოველთვიურად, არაუმეტეს 10 000 ტონა, რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე”- აცხადებენ სამინისტროში.
ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში, 2020 წლის დეკემბრიდან მოქმედებს, თუმცა პურის ფასი ქვეყანაში, მაინც იზრდება.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი