სახელმწიფო „თელასში“ თავის წილს ყიდის
„საპარტნიორო ფონდი“, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდია, აცხადებს, რომ ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 24,5%-იან წილს ყიდის.
ეს არის სააქციო საზოგადოება „თელასის“ კაპიტალში „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი აქციების სრული წილი. აქციების გასასხვისებლად, ფონდი საჯარო აუქციონს აცხადებს.
აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211,08 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ბიჯის ოდენობა კი, 50 000 ლარია.
კომპანიის საიტის თანახმად, „თბილელექტროქსელი“, შემოკლებით „თელასი“, 1937 წელს დაფუძნდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1995 წელს, იგი სააქციო საზოგადოების სახით დარეგისტრირდა.
საიტის თანახმადვე, 1998 წლის ბოლოს მისი აქციების 75,5% შეისყიდა კორპორაციამ AES Silk Road Holdings B.V., 2003 წლის აგვისტოში კი, კორპორაცია AES-ის ფაქტობრივმა მფლობელმა (Silk Road Holdings B.V.) აქციათა პაკეტის 100% მიჰყიდა ფინურ კომპანიას, სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერია რუსული კომპანია „ინტერ რაო“.
აუქციონი, რომელიც 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა, 9 სექტემბერს ჩატარდება „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში, ვუკოლ ბერიძის N6-ში.
ფონდის ცნობით, აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თანხმობას.
აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #:117207RBS67189920, აუქციონის #:117207, ლოტის #:671899