სახელმწიფოს ქონების დაუფლება -დაკავებულია ოთხი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი, მათ შორის სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა, ხოლო ერთი პირი ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების მტკიცებით, “აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციის შედეგად, ბრალდებულები კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1 000 000 ლარზე მეტს.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ძველი მიღება-ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button