ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონირეპორტაჟისაქართველოსიახლეები

სახიფათო საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები კახეთში

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, როგორც საფრთხე! – ასე აღიქვამს სტუდენტი ირინა თათულაშვილი სამარშრუტო მიკროავტობუსებს, რომლებითაც კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, ახმეტიდან თელავში გადაადგილდება. ირინა ამბობს, რომ ტრანსპორტი და ავტოსადგურები უსაფრთხოდ და დროულად გადაადგილების არცერთ პირობას აკმაყოფილებს.

ირინა თათულაშვილი:

თელავის ავტოსადგური

„ხშირ შემთხვევაში, არის გაუმართავი, არ არის ფანჯრები იმისათვის, რომ ჩამოვწიოთ იმიტომ, რომ ჰაერმა იმოძრაოს; სკამები არის ერთმანეთზე მიწყობილი; ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის იმ შემთხვევაში, თუ ხალხის დიდი რაოდენობა ამოდის ტრანსპორტში; ხშირად, მძღოლს უქრება ტრანსპორტი; საბურავების მოწყობაც არ აქვთ წესრიგში და ერთ-ერთი შემთხვევა იყო, რომ შუა გზაზე გაუსკდა. მიწევს, რომ კონკრეტულ ლექციაზე მოვიდე ერთი ან ორი საათით ადრე. დასაჯდომი ადგილები არის, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, სხედან მძღოლები და ეს სკამებიც არის გაუმართავი.“

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში 2023 წელს  შეტანილი ცვლილების თანახმად, 2025 წლისთვის, სატრანსპორტო საშუალებებს და ავტოსადგურებს უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა მოუწევთ. სამარშრუტო მიკროავტობუსის მფლობელი, რომელიც ვინაობის გაუმჟღავნებლობის პირობით ინტერვიუზე დაგვთანხმდა, მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების შედეგად, დამატებითი ფინანსების გაღება დასჭირდება, რასაც არ აპირებს, რადგან შიშობს, რომ შესაძლოა, საერთოდ უმუშევრად დარჩეს.

მძღოლი:

თელავის ავტოსადგური

„თუ ავტოსადგური თანხას მომიმატებს, მე ხომ მგზავრს უნდა მოვუმატო. ამასაც ძლივს იხდის უბედური ხალხი. ახლა რა „მარშრუტკაც“ მყავს, უკეთესს ვეღარ ვიყიდი. უცებ რომ უმუშევარი დავრჩე, იმ ფულს საიდან ამოვიღებ? საიდან მოვიტან? წლების წინ ვიყიდე „ხაზი“ და ჯერ კიდევ, ის ფულიც არ გადამიხდია, ისეთი გაჭირვებაა.“

 

თელავში მდებარე შპს “ახალი ავტოსადგურის”  მფლობელი გელა გიორგანაშვილი ამბობს, რომ დღეს არსებული შემოსავლებით, მესამე კატეგორიის ავტოსადგურის ლიცენზიასაც ვერ მიიღებს და პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, მის სადგურს დაკეტვა ემუქრება.

„ახალი ავტოსადგურის“ მფლობელი გელა გიორგანაშვილი:

თელავის ავტოსადგური

„5 000 ლარი მაქვს თვეში შემოსავალი. ხან, ეგეც არ არის. 8 თანამშრომელი მყავს და იმათ ხელფასებს ხომ ვაძლევ… მე მაქ მყარი საფარი რომ დავაგო, მიჯდება სადღაც, 20 000 ლარი და რით გავაკეთო? მე ექიმს ხელფასს როგორ მივცემ? 10 „მარშრუტკა“ გადის დღეში… 15 და 340 კვადრატი მაქვს ადგილი. მაქ დასასვენებელი ადგილი როგორ უნდა მოვაწყო?“

ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი:

„ბატონო გელა, იმ შემთხვევაში, თუ ამ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებთ…“

„ახალი ავტოსადგურის“ მფლობელი გელა გიორგანაშვილი:

„გავჩერდები, რა. ჯარიმას ხომ არ ავიღებ. გავჩერდები.“

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გიგი გიგიტელაშვილის აზრით, საქალაქთაშორისო  ტრანსპორტის პრობლემის გადასაჭრელად, ახალი ორგანოს შექმნაა საჭირო, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მუშაობა, რომელიც საქართველოში სატრანსპორტო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, არასაკმარისია და ამ მიმართულებით, სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს.

თელავის ავტოსადგური

გიგი გიგიტელაშვილი:

„არ არსებობს ასეთი ორგანო, რომელიც ამ ყველაფრის რეგულირებას, ამ ყველაფრის ორგანიზებას და მხარდაჭერას მოახდენს. მსგავსი სახის ორგანო არის სახმელეთო სააგენტო, რომელიც მწირი უფლებამოსილებებით შემოიფარგლება, მწირი რესურსით შემოიფარგლება და მისი საქმიანობა არაეფექტურია ამ მიმართულებით. შეძენილი იქნას სატრანსპორტო საშუალებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სახელმწიფომ თავად აიღოს პასუხისმგებლობა.“

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსია რეგისტრირებული. აქედან, 36 560 ინსპექტირებაზე არცერთხელ გამოცხადებულა.

გადაჭრის თუ არა კანონში შეტანილი ცვლილებები  საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და მგზავრთა უსაფრთხოების პრობლემას, ჯერჯერობით, ამის თქმა შეუძლებელია.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button