მსოფლიოსიახლეები

“სახლებიდან გამოსვლის აკრძალვა ფაშისტურია”

Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის შეზღუდვა “ფაშისტურია”.

მილიარდერმა ამის შესახებ ვრცლად მას შემდეგ ისაუბრა, რაც ტვიტერზე პოსტი “გაათავისუფლეთ ამერიკა ახლავე” დაწერა და ამას ხალხის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

“ადამიანების ძალით დატყვევება სახლებში მათი კონსტიტუციური უფლებების საწინააღმდეგოდ, ჩემი აზრით, ხალხის თავისუფლების შეზღუდვაა საშინელი და არასწორი გზებით. და არა ის, რატომაც ისინი ამერიკაში მოვიდნენ და ეს ქვეყანა ააშენეს”. – თქვა ელონ მასკმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ადამიანებს თავისუფლება უკან უნდა დაუბრუნოს.

“თუ ვინმეს სახლში დარჩენა სურს, დიდებულია, მათ შეუძლიათ, დარჩნენ სახლში და არ გამოვიდნენ იქიდან. თუმცა, იმის თქმა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სახლების დატოვება და ასე ქცევის შემთხვევაში პატიმრობა ემუქრებათ – ფაშისტურია. არ არის დემოკრატია. არ არის თავისუფლება. დაუბრუნეთ ხალხს თავისუფლება”. – თქვა ელონ მასკმა.

მისივე თქმით, Tesla მოახერხებს ახალი კორონავირუსის შემდეგ არსებობას, თუმცა პატარა კომპანიები ამას ვერ შეძლებენ.

“ყველაფერი, რისთვისაც ხალხმა მთელი ცხოვრება იშრომა, მიმდინარე დროში ნადგურდება. ვფიქრობ, ხალხი ძალიან გაბრაზდება ამ ყველაფერზე და ისინი უკვე გაბრაზებულები არიან”. – თქვა ელონ მასკმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიჩიგანის შტატში შეიარაღებული დემონსტრანტები ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ. როგორც „ბიბისი“ იუწყება, აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ. მათ უმეტესობას პირბადე არ ეკეთა და სოციალური დისტანცია დაცული არ იყო. ზოგიერთი მომიტინგე შეიარაღებული იყო.

აღსანიშნავია, რომ მიჩიგანის შტატში, სახელმწიფო შენობებში იარაღის ტარება კანონით დაშვებულია. თუმცა, რამდენიმე მომიტინგე საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შეჭრას შეეცადა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილს ჯავშანჟილეტი ეცვა.

„ამერიკელი პატრიოტების მიტინგზე“, როგორც აქციას ორგანიზატორები უწოდებენ, დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ მიჩიგანის შტატში ბიზნეს საქმიანობა პირველი მაისიდან აღდგეს.

„მოგვეცით მუშაობის უფლება“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ დემონსტრანტებს სიცხე გაუზომა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის უფლებას მისცემდა.

მიჩიგანის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, კარანტინის რეჟიმის 15 მაისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.

თუმცა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა საკანონმდებლო ორგანომ გუბერნატორის განკარგულების დამტკიცებაზე უარი თქვა.

მიჩიგანში კორონავირუსის ეპიდემიას 3 788 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button