მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“საკითხი გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე არ დასმულა”

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია. ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი უწევდა შეხვედრას მოდერაციას და რამდენიმე დეპუტატმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ შეხვედრები ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს. დეპუტატის თქმით, პრინციპულ პოზიციებს არ დათმობს სიის შედგენასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების შესაძლო გარიცხვას, ბესელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა და მანამდე გაკეთებული განცხადება, რა დროსაც, მან ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, არ გაუმეორებია.

ბესელიას თქმით, ამ ეტაპზე არ დგას ასე საკითხი დღეს, რომ მან დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფის დატოვებას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ სამუშაო შეხვედრები ღია ფორმატში უნდა წარიმართოს და განხილვებში ყველა მხარე ჩაერთოს.

მისივე თქმით, შესაძლებლობა მიეცა, რომ თავისი არგუმენტები და პოზიციები სრულად გაეჟღერებინა. სხდომაზე ბევრი გამომსვლელი იყო და სხდომები კიდევ გაგრძელდება.

მოისმინეთ ეკა ბესელიას ხმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია ასევე, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. “ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ჩვენი დიდი გუნდის ლიდერმა უზრუნველყო, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულიყო”, – ასე აფასებს იგი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის როლს.

თალაკვაძის განცხადებით, გუნდის რომელიმე წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. მისივე თქმით,
შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და მთელი დრო სასამართლოსთან დაკავშირებულ მსჯელობას დაეთმო.

თალაკვაძის თქმით, დისკუსია არგუმენტების რეჟიმში მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს რესურსი, გუნდში პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს.

მოისმინეთ არჩილ თალაკვაძის ხმა.

“ქართულ ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი, მოქალაქეები, სხვადასხვა მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ. სხდომა პარტიის ოფისში ხვალ გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button