კრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

“საკმარისი აქტივი გვყავს, არ გვჭირდება ადმინისტრაციული რესურსი”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნოდ, ბაგა-ბაღების აღმზრდელებსა და პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ახმეტა-თელავი-ყვარელი ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, პროცესში ჩართული კონკრეტული გვარები და სახელები დაასახელა.

“რესურსცენტრებისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, მათ აიძულებენ, რომ გარეთ შემოხაზული ბიულეტენები თვალსაჩინო გახადონ. ასევე, პედაგოგებს აღსაზრდელების მშობლებთან არეკინებენ და 41-ის შემოხაზვას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. გარდა ამისა, თელავში ქართული ოცნების შტაბის პარალელურად მიქმედებს ძალოვანების შტაბი, რომელსაც მოქალაქეებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა და შანტაჟი აქვთ დავალებული”, – განაცხადა ბოტკოველმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, მისგან დასახელებული პირებიდან, ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ზაზა ზაუტაშვილმა უპასუხა.

“ეს არის ტყუილი. ბაღებში მიდის სააღმზრდელო პროცესი და კორონავირუსის ფონზე, იმდენი ძალისხმევა გვჭირდება, ვის სცალია ამისთვის”, – განაცხადა ზაუტაშვილმა რადიო ჰერეთთან.

გიორგი ბოტკოველს, “ქართული ოცნების” შტაბშიც უპასუხეს.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, ადმინისტარციული რესურსის მობილიზება პარტიას არ სჭირდება.

“ჩვენ საკამრისი პარტიული აქტივი და მხარდამჭერები გვყავს და საერთოდ არ გვჭირდება ადმინისტრაციული რესურსის ჩართვა. გვაქვს დაყოფილი ზონებად, მიკროზონებად, მუშაობენ ჩვენი აქტივისტები და საკმარისი ვართ, იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ”, – განაცხადა კალმახელიძემ.

წინასაარჩევნო კამპანია კახეთის გაერთიანებულ ოლქებში, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button