საკონსტიტუციო სასამართლო ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ხვალ იმსჯელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა ხვალ იმსჯელებს, – ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, ხვალ 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე პლენუმი სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებს.
“2016 წლის 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა 15 ოქტომბერს იწურება.
როგორც ცნობილია, პლენუმის განახლებულ შემადგენლობას პირველი სხდომა 6 ოქტომბერს უნდა გაემართა, თუმცა მაშინ მოსამართლეთა ნაწილის გამოუცხადებლობისა და შესაბამისად, კვორუმის უქონლობის მიზეზით სხდომა ვერ შედგა.