მნიშვნელოვანისიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
დღეს განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსმენის ბოლოს მხარეები მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

“თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული საქართველოს დარჩება კონსტიტუცია თუ არა. ამ დონეზე დგას საკითხი. თქვენს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გადაიქცევა გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს დასკვნითი სიტყვის დროს.

“მათ ის კი არ ადარდებთ კონსტიტუცია მართლაც დაირღვა თუ არა, მათი დარდია წმინდა პოლიტიკური, გაბრაზებულები და განაწყენებული არიან საქართველოს პრეზიდენტზე და მათი სურვილია, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადააყენონ. დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა ამ პოლიტიკურ პროცესში”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, პლენუმი გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.

„ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ, როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, 1797-ე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ამით დღევანდელ სხდომას ვამთავრებთ. მთლიანად ამოწურულია როგორც თქვენი მოსმენა, ასევე ყველა ეტაპი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში. მადლობა ყველას მოთმინებისთვის, მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტები და საზოგადოება იყო დაინტერესებული ამ პროცესის მიმდინარეობით, ეს ბუნებრივია“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ, ხოლო პარლამენტის 80 დეპუტატის ინტერესებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ასევე დეპუტატები გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძისა და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა. 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღო, ხოლო არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო მსგავსი ტიპის წარდგინებას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button