მნიშვნელოვანისიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ, პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ, პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო პლენუმი განიხილავს. კონსტიტუციონალისტების ნაწილის და ოპოზიციის მტკიცებით იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა დაიწყო, პარლამენტს შეკრების უფლება ექნება, თუმცა სამანდატო კომისია დეპუტატების უფლებამოსილებას ვერ ცნობს. პრეზიდენტი დავობს ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას.

„არჩევნები უნდა ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ და არა იმის შიშის ქვეშ გამოხატულ პოზიციას, რომ შენი არჩევანი სხვებისათვის ცნობილი გახდება, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ფარულობის პრინციპის დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი არჩევნების, როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციის ინსტრუმენტის, ხასიათს“, – წერია სარჩელში.

სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, სასამართლოს საქმის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს ოპოზიციაც. ორივე სარჩელს სასამართლოს პლენუმი ანუ სრული შემადგენლობა განიხილავს.

“ქართული ოცნების” წევრების განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნორმას, რომლის მიხედვითაც ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უნდა გაიმართოს. მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი უსაფუძვლო და აბსურდულია.

მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველად 25 ნოემბერს შეიკრიბება. უკვე ცნობილია, რომ სხდომაში მონაწილეობას გამარჯვებული პარტიის ოთხმოცდაცხრავე დეპუტატი მიიღებს, მათი ოპონენტები კი დარბაზში შესვლას არ გეგმავენ. ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და საკუთარი მანდატების გაუქმებას აპირებენ.

კოლეგების მსგავსი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებას არ აპირებენ გახარიას პარტიაში. განმარტავენ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, თუმცა მანდატების გაუქმებისა და სიების ჩახსნის თაობაზე განცხადებების დაწერას არ გეგმავენ.

სახელისუფლებო გუნდის წევრებმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ, დღევანდელი მოცემულობით, მათ სიების ე.წ. ჩახსნა არ შეუძლიათ. რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები, იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც მათ უფლებამოსილებას ახლად არჩეული პარლამენტი ცნობს და ამის შემდეგ, იმავე მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. თუმცა მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ცესკოს წინასწარ, საკუთარი ამომრჩევლებისთვის თვალის ასახვევად მიმართეს, პარლამენტის პირველი სხდომისა და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი სადეპუტატო მანდატების გაუქმებას გადაიფიქრებენ.

შეგახსენებთ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61:

„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.

პრეზიდენტმა არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემბერს შეიტანა.

საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებივი დავა.

“ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button