საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აქვეყნებს.
გადაწყვეტილების მიხედვით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, სარჩელები ნაწილობრივ მიიღოს არსებით განხილვაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია:
„საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1828 კონსტიტუციური სარჩელი:
ა.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 წინადადებებისა და მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;
ა.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ა.გ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ა.დ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;
ა.ე) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
ბ) №1829 კონსტიტუციური სარჩელი:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) №1834 კონსტიტუციური სარჩელი:
გ.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
დ) №1837 კონსტიტუციური სარჩელი:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1828 კონსტიტუციური სარჩელი:
ა.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით;
ა.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-6 და მე-7 წინადადებების და მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების, მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;
ა.გ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით;
ა.დ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ა.ე) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) №1829 კონსტიტუციური სარჩელი:
ბ.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით;
ბ.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) №1834 კონსტიტუციური სარჩელი:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დ) №1837 კონსტიტუციური სარჩელი:
დ.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით;
დ.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ე) №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელები:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1837 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.
6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.
7. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
8. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
10. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს““, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები: მერაბ ტურავა; ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; გიორგი კვერენჩხილაძე; ხვიჩა კიკილაშვილი; მანანა კობახიძე; ვასილ როინიშვილი; თეიმურაზ ტუღუში.
ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო „აგენტების კანონის“ გასაჩივრებული მუხლების ნაწილი, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობას ოთხი სარჩელის ავტორები მოითხოვდნენ.
4 ოქტომბერს მიღებულ საოქმო ჩანაწერში, რომელიც სასამართლომ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციის ამა თუ იმ ჩანაწერთან მიმართებით კანონის კონკრეტული მუხლების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
სტიგმატიზაცია – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“
საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომლის ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სუბიექტის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ გამოცხადებას. როგორც მოსარჩელეები აღნიშნავენ, ამისთვის ერთადერთი კრიტერიუმია განსაზღვრული: კალენდარული წლის განმავლობაში მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის მიღება „უცხოური ძალიდან“.
კონსტიტუციურ სარჩელში ვკითხულობთ, რომ „[ორგანიზაციების] ამგვარი ნეგატიური წარმოჩენა და სტიგმატიზაცია გამოიწვევს მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევას და უნდობლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, დააზიანებს მათ რეპუტაციას, რაც არსებითად გაართულებს მათი რეალური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ფინანსურ რესურსებზე წვდომას და მათ არსებობასაც კი შეიძლება შეუქმნას საფრთხე“.
სასამართლომ კონსტიტუციის მე-12 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით ამ ჩანაწერზე მსჯელობაზე უარი განაცხადა.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია, ემსჯელა ფიზიკური პირის ნების გარეშე მისი პერსონალური მონაცემის დამუშავების საკითხის კონსტიტუციურობაზე (კონსტიტუციის მე-15 მუხლი. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები).
სადავო კანონი ითვალისწინებს სუბიექტის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციის, ფინანსური დეკლარაციის წარდგენის და მონიტორინგის პროცესში, ფიზიკური პირის ნების გარეშე, მისი პერსონალური მონაცემის დამუშავებას, მათ შორის, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემებისაც. ამავე კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
პირდაპირი ინტერვენცია მედიის საქმიანობის თავისუფლებაში
სასამართლომ არსებით განხილვაში არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც მედიაორგანიზაციებთან დაკავშირებული ნორმის (კონსტიტუციის მე-17 მუხლი. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) არაკონსტიტუციურობის დადგენას მოითხოვდა.
სარჩელში წერია, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ სუბიექტად რეგისტრაცია ევალება ყველა იმ მედიაორგანიზაციას, რომლებიც ფინანსდება მთლიანი წლიური არაკომერციული შემოსავლის 20%-ით მაინც უცხოეთიდან. რაც, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორთა შეფასებით, „ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საკანონმდებლო აქტის მეშვეობით პირდაპირ ინტერვენციას მედია ორგანიზაციების საქმიანობის თავისუფლებაში“.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ამავე, მე-17 მუხლს, ეწინააღმდეგება ორგანიზაციების მონიტორინგის დაწყების საფუძვლები:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.
საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, სადავო მუხლებითა და პუნქტებით ილახება მოსარჩელეების (როგორც მედიაორგანიზაციების) და ჟურნალისტების უფლება, დაიცვან ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი შეხედულების შესაბამისად მიიღონ სარედაქციო გადაწყვეტილებები.
არგუმენტების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ არც ეს საკითხი არ მიიღო არსებითად განსახილველად.
გაერთიანების თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”. სასამართლომ ამ მუხლთან მიმართებით სადავო კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვაზეც უარი თქვა. საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს ყველანაირ დაფინანსებას, რომლის წარმოშობის წყაროც უცნობია.
საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „აგენტების კანონის“ საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:
ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფლებას (მე -17 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე -17 მუხლი);
გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (მუხლი 31).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე. საოქმო ჩანაწერში წერია: „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.
საკონსტიტუციო სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ (მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა (თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი) „აგენტების კანონის“ შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.
სასამართლო აცხადებს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად შეზღუდული ვადები არ აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციამ არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიიღო, „აგენტების რეესტრში“ უნდა დარეგისტრირდეს, სხვა შემთხვევაში მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებენ.