მნიშვნელოვანისიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მეხუთე სარჩელიც შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მეხუთე სარჩელი შევიდა. ამის შესახებ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა და თქვა, რომ მას, სავარაუდოდ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ.

დღეს 9-კაციან კოლეგიას ერთი მოსამართლე აკლია – მოსამართლე ირინა იმერლიშვილი სხდომას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ესწრება.

“იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინ წინ, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული. სიფას (საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია) მიერ შემოტანილი. მაგრამ ვინაიდან და აქ არის ანალოგიური მოთხოვნები ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით სარჩელის დარეგისტრირებისთვის და პროცედურით განსაზღვრული სხვა წესების დაცვით, შეუძლებელი იყო მეხუთე, ამ სარჩელების გაერთიანება თქვენს სარჩელთან, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დამატებით განიხილება, სავარაუდოდ, ალბათ ზეპირის მოსმენის გარეშე”, – აღნიშნა ტურავამ.

სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელის – პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელების განხილვა მიმდინარეობდა. პლენუმს სიტყვით უკვე მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა. პრეზიდენტს განხილვაზე ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე წარადგენენ ადმინისტრაციის იურისტებთან ერთად, ოპოზიციას დეპუტატები – თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებს – ქეთევან ირემაძე, გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას წარადგენს – გელა მთივლიშვილი.
მანვე განმარტა, რომ სარჩელი შეიტანა „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“.

სასამართლო დღეიდან განიხილავს ოთხ სარჩელს:
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
ორი მედიაორგანიზაცია – „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) – მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.
მოსარჩელეებს სასამართლოში წარმოადგენენ:

საქართველოს პრეზიდენტს – კახი სამხარაძე (სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი), ზურაბ მაჭარაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ეკა ბესელია (ყოფილი პარლამენტარი) და გიორგი ბურჯანაძე (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე);
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს – გიორგი დავითური (IDFI), ქეთევან იმერლიშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე);
პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს – მოქმედი დეპუტატები თამარ კორძაია („ერთიანობა“), ანა ნაცვლიშვილი („ლელო“ – „ძლიერი საქართველო“), სალომე რურუა და თამუნა მენაბდე;
„სტუდია მონიტორსა“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელს“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
“ქართულ ოცნების” პოზიცია ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს უნდა დაეცვა, თუმცა სხდომაზე დეპუტატები არ მისულან. პოზიციას პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები წარადგენენ.
შეგახსენებთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავს პლენუმი მოსამართლეების შემადგენლობით: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

პლენუმის შემადგენლობაშია მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელს განიხილავენ – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

მსგავსი პოსტები

Back to top button