საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა დაესწრება.
“დღეს სხდომის კიდევ გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 21:00 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეთ და, მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ა.შ. დაკავშირებით. ყველა ის საკითხი, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს შემხებლობა”, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის მიღებით ქვეყანა საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს.
„ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ამ სარჩელით მივიჩნევთ, რომ ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც 78-ე მუხლმა დაგვიწესა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს. თუ ეს ასე არ მოხდება, უბრალოდ, ჩვენ დაგვეხურება ევროკავშირის კარი, გაურკვეველი ვადით.
ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა და ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობა, უბრალოდ გამორიცხულია ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პირობებში. ჩვენ, კონსტიტუციურ ორგანოებს 78-ე მუხლი გვავალდებულებს ყველა ზომა მივიღოთ იმისთვის, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი. წევრობა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების გზით. ამ კანონის მიღებით, ჩვენ ვარღვევთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ, ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის შეჩერებით საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების უფლებებს დაიცავს და ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესის აღდგენასაც ხელს შეუწყობს.
„თუ ამ კანონს თქვენ შეაჩერებთ და ამას გააკეთებთ რაც შეიძლება მალე, იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს 78-ე მუხლს. თუ არა, მჯერა, ისევე როგორც, ამ დარბაზში, თქვენ გიყურებთ, ეს კანონი მაინც გაუქმდება, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად და მალე, ეს იმ მოსალოდნელ ზიანს ააცილებს ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურია. ერთი თუ ორი პროექტი, რამდენიმე მილიონიანი დახმარება და ა.შ ეს შეიძლება იყოს ზიანის შემადგენელი ნაწილი და არასრული ჩამონათვალი, მაგრამ მას აქვს განგრძობითი ხასიათი, იმიტომ, რომ ამ თანმიმდევრობით ბევრი სხვა დახმარება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ, ჩერდება. განგრძობადი ზიანი არის ის, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დაცვასაც ემსახურება და მათ სხვა უფლებებს, რომელზეც აქ იყო საუბარი. ევროინტეგრაციის პროცესი როგორც შეჩერდა, მისი განახლება ნებისმიერ დროს შესაძლებელია, აგერ, შემოდგომაზე. იცით, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მორიგი შეფასების დასკვნა მზადდება და ეს შემოდგომაზე მოხდება, რომლითაც შეფასდება, რას აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება და კონსტიტუციური ორგანოები. ამ სადაო აქტის, ამ კანონის შეჩერებით, მათ შორის, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არსებობს ქვეყნის შიგნით შესაძლებლობა, ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს. სამოქალაქო საზოგადოებამ კი ნორმალური და ამ იარლიყებით გარეშე ფუნქციონირება გააგრძელოს, არ დაიხუროს და არ შეწყვიტოს საქმიანობა, რისი საფრთხეებიც არსებობს, [კანონის] მეორე ნაწილის ამოქმედების შემდეგ. მათ შორის ბევრი ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვას…
სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი. ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას და მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი კიდევ ერთხელ გაიაროს.
სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“,- მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
სასამართლო პროცესი, რომელიც ქვეყნის განვითარების ვექტორს განსაზღვრავს. ახლა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული, რა გზით წავა ქვეყანა – გააგრძელებს დასავლურ სამყაროსთან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინტეგრაციას, თუ კვლავ დაბრუნდება კრემლის ორბიტაზე და რუსული ღირებულებებით გააგრძელებს ცხოვრებას?
9 მოსამართლე დღეს დილიდან რუსული კანონის ინიციატორების და მოწინააღმდეგეების არგუმენტებს ისმენს. პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას რუსული კანონის გაუქმება და პროცესის დასრულებამდე დებულებების შეჩერება სურთ. “ქართული ოცნება” კი სხდომათა დარბაზში შეეცდება დაამტკიცოს, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და არ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.