მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვის ქალაქ სერგიევ-პოსადში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსული საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, აფეთქება ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში იყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანს კვამლი, ახლომდებარე საცხოვრებელ შენობებში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები.

სააგენტო “ტასის” ცნობით, საწარმოში გამოცხადდა ევაკუაცია. მოსკოვის ოლქში ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” მოსკოვის ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, ქალაქ სერგიევ პოსადში “ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში” აფეთქების შედეგად ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს, 52-მდე გაიზარდა.

“ექვსი ადამიანი რეანიმაციაშია – მათ დამწვრობები და თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები აქვთ, კიდევ 22 ადამიანი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი. დანარჩენებს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ,” – დაწერა ვორობიოვმა “ტელეგრამის” პირად არხზე.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ხუთი ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი.
აფეთქების გამომწვევ ოფიციალურ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. სოციალურ ქსელებში, მათ შორის ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ ეს არ იყო დრონით თავდასხმა. საწარმოს საიტის თანახმად, სააქციო საზოგადოება „ЗОМЗ-ი” ოპტიკური და ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი დეველოპერი და მწარმოებელია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სფეროებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button