საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციის შეფასებისას ამბობს, რომ არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების, არამედ ნებისმიერი საკითხის მიღება პარლამენტში, განსაკუთრებით ისეთების, რომელთა მისაღებადაც მხოლოდ უმრავლესობის ხმები საკმარისი არ არის, ოპოზიციის მოქმედებებზეა დამოკიდებული.
გურამ მაჭარაშვილმა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად გამოყო „ნაციონალური მოძრაობა“, მისი შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ფრთა, რომელიც დეპუტატის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებებით ითხოვს ანტიკონსტიტუციური ქმედებების ლეგალიზებას.
მაჭარაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც პირობის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო, საზოგადოებამ ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი და რადიკალიზმი მიიღო, რაც ხელს ვერ შეუწყობს პროცესის გაგრძელებას.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბოლო დროს არაერთხელ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ განიხილება და რომ ცვლილებების განხილვა დამოკიდებული იქნება “სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე.”
საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯარო კომენტარებში არ გამორიცხეს, რომ საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, შეიცვალოს და 3% გახდეს.
ჩვენი პოზიციაა, იმ რედაქციით იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც მოხდა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება ისმის.
„ვერ გავიგე, რა უნდათ და რა მიზანი ამოძრავებთ. ძალიან კარგად ვიცით, რაზე მოხდა შეთანხმება და საკონსტიტუციო ცვლილებები არ იყო ამოგლეჯილი შეთანხმებებიდან, ეს იყო წყება საკითხების, რაზეც მოხდა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენი პოზიციაა, რომ სწორედ იმ რედაქციით იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ალბათ, რაიმე შეხვედრა გაიმართება, სადაც გაგვაგებინებენ, საერთოდ რა უნდათ და რაზეა ლაპარაკი. მკაფიო პოზიცია გვექნება, რომელსაც სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ. მათი მთავარი სამიზნეა, რომ როგორმე 5-პროცენტიანი ბარიერი შეინარჩუნონ 2024 წლისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში, გადაუნაწილებელი მანდატები შეიძლება, აღმოჩნდეს საკმარისი, რომ უმრავლესობა როგორმე შეინარჩუნონ.
მეორე ვარიანტია ის, რომ ნამდვილად ეშინიათ რიგგარეშე არჩევნების. ამბობენ, რომ არ ეშინიათ და რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, მაგრამ ჩანს, რომ ეშინიათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს.
როგორც უდუმაშვილმა განაცახადა, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციულ არჩევნებს, დაბალ საარჩევნო ბარიერს ითვალისწინებს.
პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ვარიანტს მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ საარჩევნო ბარიერზე ვაჭრობას დაიწყებენ, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც შეთანხმებული იქნება ოპოზიციასთან, რასაც იტყვიან მცირე ზომის პარტიები, მათ მიმართ სოლიდარული ვიქნებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი არჩევნები კრახით მთავრდება, მაგრამ მათი მთავარი ამოცანაა, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდეს.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 126 ხმით პირველი მოსმენით სექტემბერში დაამტკიცა. პროექტი ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და 5-დან 2 პროცენტამდე საარჩევნო ბარიერის შემცირებას.